- Advertisement -

გომელაური: 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულის გამოძიებაზე, აქტიურად ვთანამშრომლობთ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან

246

"ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სამსახური წამყვანი უწყებაა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შეხვედრებში, სადაც მუდმივად განიხილებოდა ყველა პრობლემური საკითხი და ინციდენტი.
აღნიშნული შეხვედრების დღის წერსიგში მუდმივად დგას სასტიკად მოკლული გიგა ოთხოზორიასა და ცხინვალის რეგიონში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული დავით ბაშარულის საქმეები", – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელმა პარლამენტში, პლენარი სხდომაზე სუს-ის 2017 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარდგენისას განაცხადა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს აკეთებს და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირები წარსდგნენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

2017 წელს გალში 10, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (სოფელ ერგნეთში) 11 შეხვედრა გაიმართა. აქტიურად ფუნქციონირებდა ე.წ. „ცხელი ხაზი“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობისა და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, 2017 წელს ცხინვალის ე.წ. ციხის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა 2016 წელს დაკავებული გიორგი გიუნაშვილი, რომელსაც 20 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთიდან 6 წლიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა გიორგი ლუკავა, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

სამსახური ჩართულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, სადაც პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, ასევე გაეროს, ევროსაბჭოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლობებთან. სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებს იძიებს", – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Comments
Loading...