- Advertisement -

გორში 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს

577

დღეს გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის სახელობის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. 9 აპრილის სახელობის სკვერში 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისიც აღევლინა.

გორელებმა 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი მოვლენები და ადამიანები, რომლებიც ამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპნენ გუშინ, 8 აპრილსაც გაიხსენეს. 21:00 საათზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები 9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ, სადაც 9 აპრილის ტრაგედიის ამსახველი ვიდეო და ფოტოკადრების ჩვენება მოეწყო.

„28 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან. შეუძლებელია ამ დღის ემოციის გარეშე გახსენება. ეს არის დიდი ტკივილისა და სიამაყის ემოცია.“ – განაცხადა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გუშინ გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

28 წლის წინათ თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, წითელმა არმიამ და შინაგანმა ჯარმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. მიტინგის დაშლისას 21 მოქალაქე დაიღუპა. 9 აპრილის დემონსტრაციის მონაწილეთა უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსლვა იყო.

ორი წლის შემდეგ კი, 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

Comments
Loading...