- Advertisement -

გოცირიძე: თუ პარლამენტი დადგენილების პროექტს ჩააგდებს, ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს

10

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი შეწყალების საქმეზე „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს ჩააგდებს, ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.
“ჩვენ ეჭვი გვეპარება დანაშაულის გამოძიების ობიექტურობაზე. გამოძიების არც ერთი პროცესი ბოლომდე არ არის მიყვანილი. ჩვენ არ ვენდობით გამოძიებას. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, თქვენს ინტერესებშიც შედის. იმ შემთხვევაში, თუ არ შეიქმნება კომისია, ამ საკითხს ერთი საფეხურით მაღალ დონეზე ავიყვანთ და დავაყენებთ იმპიჩმენტის საკითხს, ამ კომისიის შექმნის ჩავარდნის დღესვე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ სკანდალური შეწყალებების საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა. კერძოდ, საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეზე. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს განხორციელებული შეწყალება გამოძიების საგანი უნდა იყოს, ვინაიდან მასში შესაძლო კორუფციული სქემა იკვეთება. „დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები:
1. შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, კონკრეტულად ვისი რეკომენდაციითა და რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულების შეწყალების გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია;
2. რა როლი მიუძღვის საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში;
3. არსებობს თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომელთა შესაძლო კავშირი შეწყალებულ პირებთან და მათ ოჯახებთან;
4. არსებობს თუ არა კორუფციული სქემა მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში და ვინ არიან ამ სქემის მონაწილე პირები“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.
The post გოცირიძე: თუ პარლამენტი დადგენილების პროექტს ჩააგდებს, ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...