- Advertisement -

გოცირიძე: ნათელ-მირონობის კრიზისი ქართულ პოლიტიკაში!

2

“ნათელ-მირონობის კრიზისი ქართულ პოლიტიკაში!
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ხალხს, რომელსაც არ გააჩნდა დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრების გამოცდილება, მრავალი უბედურება დაატყდა თავს. ერთ-ერთი ასეთი განსაცდელი იყო ტრადიციული კავშირების რღვევა, ერთი შეხედვით ისეთებისაც, რომელსაც ძნელი წარმოსადგენი იყო, ბზარი თუ გაუჩნდებოდა.
მრავალი ოჯახი დაშალა განსხვავებულმა პოლიტიკურმა პოზიციებმა, განსაკუთრებით ეროვნული მოძრაობისა და სამოქალაქო ომის პერიოდში. ბიზნესში გამოუცდელმა ადამიანებმა, რისკიანი ინიციატივების გამო დაკარგეს ოჯახის ქონების საკმაო ნაწილი, რაც ასევე გახდა სერიოზული განხეთქილების მიზეზი ოჯახის წევრებსა და ნათესავ-მეგობრებს შორის.
მსგავმა მოვლენებმა ერთმანეთს გადაჰკიდა ცოლი- ქმარს, და -ძმას, დედა -შვილს, ნათესავი -ნათესავს, მეგობარი-მეგობარს.
პოლიტიკურ კატაკლიზმებს ვერც ნათელ-მირონობამ გაუძლო. ჩვენს თვალწინ ჩაიარა ერთ დროს რელიგიული ნასკვებით გაერთიანებული კავშირების დაშლის ამბებმა. მრავალი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ცნობილ პოლიტიკოსებს შორის ნათესაური კავშირების ჩამოშლისა.
ერთი პარტიიდან მეორე, (მოწინააღმდეგე) პარტიაში გადასვლა, ხელისუფლების შიგნით ერთი ნაწილის მიერ მისი მეორე ნაწილის დევნა (ძირითადად, კორუფციის გამო), ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ ერთი ნაწილის ოპოზიციაში წასვლა და მეორე ნაწილის ხელისუფლებაში დარჩენა და სხვა უამრავი კომბინაცია მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს რელიგიური ნიშნით ერთ დროს დანათესავებული ადამიანების ურთიერთდაპირისპირებას,
ხშირად, მტრულ ბანაკებში მათ გადანაწილებას.
პარტიების გამუდმებული დაშლა-აშენება და პარტიიდან პარტიაში მოძრაობა ჩვეულებრივ დამახასიათებელი იყო ქართული პოლიტიკური სისტემისათვის. ყველა ამ სახის ძვრებს, იშვითი გამონაკლისების გარდა, მოჰყვებოდა ნათელ-მირონული კავშირების რღვევა.
ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის პერიოდში თავს ვიკავებდი ან უკიდურესი სიფრთხილით ვეპყრობოდი პოლიტიკური ნიშნით ”დანათესავებას”. მახსოვს, ერთმა ცნობილმა თანაპარტიელმა ”სახალხო ფრონტიდან” მთხოვა ბავშვის მონათვლა, რაზეც დიდი ბოდიშის მოხდით უარი ვუთხარი. ჩავთვალე, რომ არც მზად ვიყავი ამისთვის და არც პოლიტიკური ურთიერთობების სიმტკიცეში ვიყავი დარწმუნებული. შემდეგ გავიგე, რომ მისი შვილების ნათლია ზვიად გამსახურდია, ( მგონი მერაბ კოსტავაც) და ნოდარ ნათაძე ყოფილა. ეტყობა, უარი ვერ უთხრეს. მერე, ცნობილი ტრაგიკული მოვლენების გამო, ისინი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.
ეს ამბები ეკლესიაში ამჟამად მიმდინარე მძიმე პროცესებმა გამახსენა. არასტაბილური პოლიტიკური გარემო არა მარტო ადამიანებს აცილებს ერთმანეთს, არამედ ეკლესიურ წესებსაც უკარგავს ფასს”, – წერს გოცირიძე.
The post გოცირიძე: ნათელ-მირონობის კრიზისი ქართულ პოლიტიკაში! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...