- Advertisement -

გოცირიძე ტრამპის ხელმოწერილ დოკუმენტზე: ამ გზით სიარული ევროკავშირსაც უნდა მოვთხოვოთ

878

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელმოწერილ ბიუჯეტის კანონს ეხმიანება და აცხადებს, რომ ახლა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნებსაც ამ გზით სიარული უნდა მოთხოვონ. 

"საქართველოს მთავრობას არც კი დაესიზმრებოდა ის ინიციატივა, რომელიც ამერიკის კონგრესმა გამოიჩინა და რომლის მიხედვით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას შეუწყდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარება, თუ აფხაზეთს ან ცხინვალის რეგიონს აღიარებს.

არც ამბობენ მთავრობაში, ჩვენი იდეა იყოო. ახლა საჭიროა ამ გაკვალული გზით სიარულის მოთხოვნა ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც. ეს უკვე მთავრობის აქტივში ჩაეწერება.

ასე რომ, იმოქმედეთ!",-წერს რომან გოცირიძე. 

ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონს, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აღიარებს. ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

Comments
Loading...