- Advertisement -

გურიის სოცმომსახურების სააგენტოში ბავშვების ჩაწერილი საუბარი – “ნასაკირალის საქმე” (აუდიო)

908

ამ თემაზე ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა. თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია და ბავშვები ისევ საშუალო განათლების გარეშე რჩებიან.

მოსწავლეები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მასწავლებლის გამო მათ სკოლაში აღარ მიესვლებათ, რადგან პედაგოგმა მასზე გაკეთებული აუდიჩანაწერის გამო, რომელიც ბავშვების მამამ განათლების სამინისტროში გაგზვნა, მათ თანატოლები აუმხედრა.

ბავშვების თქმით, მათ თანატოლები „ჩამშვებს „ ეძახიან და აღარ ემეგობრებიან.

უნდა ელაპარაკებოდეს თუ არა სოციალური მუშაკი ბავშვებს ასე: „თქვენ გგონიათ მიხარია ნასაკირალში, იმ ტალახში სიარული?“ შენ მოიცა ერთი წამით, შენ ყველაზე პატარა ხარ“, გასათხოვარი გოგო ხარ, არ უნდა ისწავლო? თქვენ სკოლაში სიარული არ გინდათ, ზარმაცები ხართ, სწავლა არ გინდათ…

ფაქტია, როდესაც სოციალური მომსახურების მუშაკს ჩართვა უწევს პროცესში, საუბარია პრობლემატურ მოზარდებზე. უნდა იყოს თუ არა მეტად მომზადებული სოციალური სააგენტოს წარმომადგენელი, „აიპრესი“ განსჯისთვის ჩვენს ხელთ არსებულ ჩანაწერს გთავაზობთ.

https://www.youtube.com/watch?v=kVwPB8q52EY

ნასაკირალისა და შავაძეების ოჯახის საქმე:

ნასაკირალში მცხოვრებ ბავშვები, ამირან შავაძის შვილები 2016 წლის აპრილიდან სკოლაში აღარ დადიან. ინფორმაცია ამის შესახებ  ომბუდსმენმა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა , როგორც განცხადებაში მიუთითებდა სკოლაში სიარულზე უარს სავარაუდო ძალადობის გამო ამბობდნენ, თუმცა იკვეთებოდა მამის მხრიდან მოვალეობების არასათანადო შესრულებაც და არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების უგულებელყოფა. “ასეთ შემთხვევაში კი ბავშვების ინტერესების დაცვა და მათი უფლებების განხორციელება სახელმწიფოს ვალდებულებაა. აღნიშნულის მიუხედავად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არ განახორციელა ქმედითი ზომები და არასრულწლოვნები კვლავ მოწყვეტილი არიან სასწავლო პროცესს”,-მიუთითებდა ომბუდსმენი.

აღნიშნულ საკითხზე „აიპრესმა“ ვრცელი მასალა მკითხველს უკვე შესთავაზა, თუმცა მას შემდეგ ბავშვების მამამ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრში ჩაწერილი საუბარი გამოგვიგზავნა.

საუბარი მიმდინარეობს ბავშვებს, ცენტრის უფროსს, უფროსის მოადგილეს (თავად ადასტურებენ რომ მსგავსი შინაარსის საუბარი შედგა) და როგორც ამბობენ, ფსიქოლოგს შორის. საუბარი თავიდანვე საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, ბავშვები სააგენტოს იურისტს მამის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, რაზეც სააგენტოს წარმომადგენელი პასუხობს , რომ „ შეიძლება გაბრაზების ნიადაგზე რაღაცები ცოტა ისე გამოგვივიდეს, მაგრამ ხელის დარტყმა გამორიცხულია.“

საუბრის განმავლობაში ბავშვები ირწმუნებიან, რომ სკოლაში ამცირებენ, ძალადობენ (ამბობენ, რომ მასწავლებლის დავალებით ბავშვები სცემენ).

ბავშვების დაჟინებული მოთხოვნა საუბრის განმავლობაში ორი პედაგოგის გათავისუფლება იყო, რის გამოც სააგენტოს თანამშრომელმა მიმართა: „როგორ რობოტებივით ხართ დაპროგრამებულები?“ „თქვენ რომ სწავლა გინდოდეთ ივლიდით. იმ ადამიანს რომ ემტერებით წავიდეს სახლშიო, იქნებ ოჯახი ყავს, შვილები, რითი უნდა აჭამოს?“.

სააგენტოს წარმომადგენლები ცდილობდნენ ბავშვები სწავლის გაგრძელებაში დაერწმუნებინათ, ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ყველა მასწავლებელი არც მას მოსწონდა, მაგრამ საკითხი ასე არ დაუსვამს.

 „შენ უნდა იფიქრო იმაზე ხვალინდელი დღე როგორი გექნება, გასათხოვი გოგო ხარ, განათლება გინდა, ცხოვრება აწი წინ გაქვს, რას ცდილობ შენ ამ ქვეყნის გასწორებას, კაცო? ვიღაცა შენ არ მოგწონს, ამიტომ პროტესტს აცხადებ სკოლაზე?“,-ეუბნებიან ბავშვებსერთ-ერთს ბავშვს, რომელიც ამბობს, რომ მასწავლებლის დავალებით ბავშვები სცემენ, ეუბნებიან : „ კაცი ხარ, დამცირების გეშინია? გოგოებს უყურებ? არ გრცხვენია?“სააგენტოს თანამშრომლებმა ბავშვებს მათთან ერთად გარკვეული დროის განმავლობაში სკოლაში სიარული შესთავაზეს, თუმცა ბავშვებმა იმ მოტივით, რომ მათი თანაკლასელები მიხვდებოდნენ იმათ ვინაობას, ამაზე უარი თქვეს, რის შემდეგაც მათ უთხრეს, რომ ისინი ზარმაცი ბავშვები არიან, სწავლა და სკოლაში სიარული არ უნდათ. საუბარი უშედეგოდ, რაიმე გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა.

ომბუდსმენს ვკითხეთ, რამდენად მიზანშეწონილია ბავშვებთან მსგავსი ფრაზებით საუბარი, რაზეც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის და მწირი რესურსის პრობლემა დგას.

-სწორედ ეს არის პრობლემა, ცალკე ვსაუბრობთ იმაზე, რომ სოც მუშაკების რაოდენობა და რესურსების სიმწირეა, მაგრამ მეორე მხრივ არის კვალიფიკაციაც ასევე, რამდენად არიან კვალიფიციური ის კადრები, რომელთაც შეხება აქვთ ბავშვებთან, სწორედ ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ზოგადად ეს არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტს, რაიონს, კონკრეტულ სკოლას, ეს პრობლემა შეიძლება ითქვას არის სისტემური ხასიათის, კვალიფიკაცია სოც მუშაკების.

ამ მიმართულებით ჩვენ ვიგებთ რომ არის გარკვეული გადამზადება სოც მუშკების, მაგრამ ფაქტები მაინც მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად ეს სამსახურები არაეფექტურია და კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც არა ერთია, ათეულობით ასეთი შემთხვევებია იგივე ჩვენს ოფისში, თუ დავაკვირდებით და შევისწავლით ბოლო პერიოდშიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს სამსახური არაეფექტურია და ამას რადიკალური ცვლილებები სჭირდება, მით უმეტეს, როცა საუბარია კონკრეტულ დარღვევებზე, ამაზე რეაგირებას ვითხოვდით, იყო შემთხვევები როცა სოც მუშაკების წინააღმდეგ ვითხოვდით , რომ სააგენტოს გარკვეული ზომები მიეღო და ასეთი რამდენიმე კონკრეტული საქმეც გვაქვს, მაგრამ რამდენად იყო ზომები მიღებული მათი მხრიდან ეს სხვა საკითხია კიდევ.

-რამდენი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, როცა არ გამოიჩინეს შესაბამისი ყურადღება

-საუბარი არ არის ერთ, ორ და სამ ფაქტზე, აქ არის ათეულობით ფაქტებზე საუბარი და განსაკუთრებით, ბავშვთა უფლებების ცენტრი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატში მუშაობს, სწორედ ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას სწავლობს. ყოველთვის ვიღებთ პასუხს, რომ სამინისტრო გაითვალისწინებს და ითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციას კონკრეტულ, ინდივიდუალურ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მაინც ვხედავთ, რომ ზოგადად, სურათი მთლიანობაში არ იცვლება, ანუ შესაძლოა კონკრეტულ საქმეებზე მოხდეს რეაგირება, რაღაც გამოსწორდეს, მაგრამ ამ საკითხს სჭირდება უფრო კომპლექსური გადაწყვეტა, ეს ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, მათ შორის რესურსებთან.

 

"აიპრესი" ამ კონკრეტულ შემთხვევასთნ დაკავშირებით სოციალური სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრსაც დაუკავშირდა.  უფროსის მოადგილე ვანო გოგოლაშვილი „აიპრესთან“ ადასტურებს, რომ ერთ-ერთი შეხვედრა ბავშვებმა შესაძლოა მართლაც ჩაიწერეს.

საუბრის დასაწყისში ბავშვები საუბრობენ ხელის დარტყმის და შეურაცხყოფის ფაქტზე, შემდეგ სააგენტოს თანამშრომელი ამბობს, რომ თქვენი იურისტისგან ხელის დარტყმა გამორიცხულია, თუმცა „შესაძლოა გაბრაზების ნიადაგზე რაღაცეები ცოტა ისე გამოგვივიდესო“, რას ნიშნავს, რაღაცები ცოტა ისე გამოგვივიდეს?

-შეიძლება ემოციური საუბარი იყო, მე ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ნამდვილად ხელის შეხება და …

რამდენად გამართლებულია ემოციური საუბარი ბავშვებთან, რომლებიც ამბობენ, რომ ძალადობის მსხვერპლნი არიან?

-არა ბავშვებთან არ იქნებოდა, უფრო მამასთან იქნებოდა მგონი, თუმცა მე პირადად იმ შეხვედრას არ დავსწრებივარ და რასაც არ დავსწრებივარ მეუხერხულება ცოტა იმაზე საუბარი.

თუმცა, ეს საუბარიც საკმაოდ ემოციურია, რაც ბავშვებს აქვთ ჩაწერილი, ეს რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ?

-მე ვაგებ იმაზე პასუხს, რასაც მე ვეუბნებოდი ბავშვებს და თუ მოუსმინეთ, ბავშვები ისე აყენებენ საკითხს, გაუშვით ეს პედაგოგები სკოლიდანო. იმ სკოლაში, ახლა თქვენც ახალგაზრდა გოგონა ხართ, სკოლაში თქვენც ხომ ყოფილხართ, 500 ბავშვი სწავლობს, 500 ბავშვის 500 მოთხოვნა რომ დაყენდეს იქ პედაგოგების შესახებ სასწავლო პროცესი ვერ შედგება. მე ვეუბნებოდი ამას, რომ პედაგოგები წავიდნენ სახლში და მერე მივალთ სკოლაში, ეს სწორ პოზიციად მიგაჩნიათ თქვენ?

თუ ძალადობაზეა საუბარი…

-თქვენ ხომ გაქვთ ოფიციალურად ინფორმაცია, რომ ეს ძალადობა არ დადასტურდა და რა ვქნათ ახლა? ძალადობა ბავშვების მიმართ არ დადასტურდა.  (ავტორის შენიშვნა: განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის ფაქტები სკოლაში არ დადასტურდა, ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესმა“ ამავე თემაზე მომზადებულ წინა სტატიაში გამოაქვეყნა.)

მე ამირანს ისიც ვუთხარი, მშობელი მეც ვიყავი და ჩემი შვილები დადიოდნენ სკოლაში და მაგან მე ესეც უკუღმა შემომიბრუნა. თუ დავუშვათ სკოლაში არის ტუალეტის პრობლემა, პირობითად ვამბობ, რაღაც პრობლემაა სკოლაში. მშობელი მეც ვიყავი და მეც მივხმარებივარ რაღაცაზე. თუ ფინანსურად არ შემეძლო ფიზიკურად, ჩემი შვილები სწავლობდნენ. ასეთი დამოკიდებულება მე უფრო სწორად მიმაჩნია, ვიდრე დააყენო მოთხოვნები, იქ ის არაა და ის არაა.

თქვენ მიგაჩნიათ, რომ მშობელმა უნდა გაიღოს ფინანსები?

-მე მიმაჩნია, რომ მშობელი უნდა იყოს გულშემატკვივარი სკოლისა, შეიძლება არ იყოს ეს ფინანსურად გამოხატული, მაგრამ თქვენ ის მიგაჩნიათ ნორმალურად ბავშვები ჩამწერი მოწყობილობით დადიოდნენ სკოლაში და მის მეგობარს ეჭვი ქონდეს იმაზე?

ხომ არ ხედავთ საჭიროებას, რომ იქ კიდევ უნდა ჩატარდეს მოკვლევა, რადგან ბავშვები კვლავაც დაჟინებით ითხოვენ ორი მასწავლებლის გაშვებას.

-ჩვენ არ ვართ უფლებამოსილნი…

თუმცა რეფერირების ბრძანების მიხედვით თქვენ გაქვთ უფლებამოსილება, რომ აქტიურ კომუნიკაციაში იყოთ განათლების სამინისტროსთან.

-კი ბატონო, კიდევაც ვართ ჩვენ რესურსცენტრთან და სკოლის დირექტორთან, ამირანს კიდევ პრეტენზია აქვს, რომ ბავშვს არ უწერდნენ ნიშნებს შესაბამისს. ახლა მე როგორ უნდა გავაკეთო პედაგოგის და ბავშვის ურთიერთობის შეფასება, უფრო მეტი ეკუთვნოდა, თუ უფრო ნაკლები.

მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ რესურს ცენტრი, განათლების სამინისტრო, თავად პედაგოგები ხელს არ აკლებს იმაზე, რომ ბავშებს სასწავლო პროცესის მიმართ ნდობა აღუდგეთ.

ამ ორ პედაგოგზეც კონკრეტული რაიმე გამოხატულება, ქცევა რაიმე დოკუმენტში არ ასახულა. ჩვენ ვარაუდების დონეზე ხომ არ ვისაუბრებთ. აქ მეორე საკითხიც არის, ეს ოჯახი დირექტორის გამო სოფელსაც დაუპირსპირდა.  (რედაქციის შენიშვნა- 2015 წელს გაიმართა აქცია, დირექტორის, პედაგოგების, მშობლების და ბავშვების მონაწილეობით, სადაც გადაყენებული დირექტორის აღდგენას ითხოვდნენ, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა მხარეებს შორის. )

ძალიან არა ორდინალური შემთხვევაა. ძალიან სპეციფიკური.

ბავშვები უნისონში საუბრობენ, რომ ორმა პედაგოგმა დატოვოს სკოლა. ეს როგორ ფიქრობთ ბავშვების პოზიციაა? ეს მამის პოზიციაა.

 

„აიპრესი“ აღნიშნულ საქმეზე სამხარეო ცენტრის უფროსს, თეა ლომჯარიასაც ესაუბრა. თეა ლომჯარია იხსენებს, რომ ამირან შავაძემ მათთან მისი შვილები და ძმისშვილი მიიყვანა. მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა შავაძეების ადვოკატი ბატონი მანუჩარი, რომელიც კერძოა და ამირან შავაძეს თავის უფლებების დასაცავად ჰყავს აყვანილი, მას თვითონ ენდობა. რაც შეეხება ხმამაღალ საუბარს ბავშვებთან თეა ლომჯარია განმარტავს, რომ ყვირილს ადგილი არ ჰქონია და მას უბრალოდ, მაღალი ტონი აქვს.

-იქ არანაირი ემოციური საუბარი არ ყოფილა. ადვოკატს არანაირი პრეტენზია სოციალურის თანამშრომლების მიმართ არ ჰქონია, იმიტომ რომ არავის იქ ზედმეტი არაფერი უთქვამს, არც უყვირიათ, უბრალოდ საერთო საუბარი იყო და ხმის ტონი… მე ხმის ტონი ახლაც მაღალი მაქვს, თუ დამაკვირდებით, მაგრამ არ ვყვირი, ხომ არ თვლით, რომ ვყვირი? უბრალოდ ტონი ესეთი მაქვს, შეიძლება ხმის ტონი იყო, მაგრამ არანაირი ყვირილი არ იყო, უბრალოდ ბავშვები რადგან იმეორებდნენ, რომ წავიდეს სკოლიდან მასწავლებელი და დირექტორი და ჩვენ წავალთ სკოლაში, მე ვკითხე პირადად, რატომ წავიდეს მეთქი და იმიტომ რომ ნიშანს არ გვიწერსო, გვამცირებსო. მე შევთავაზე რომ მოდი, ახლა ჩემთვის, ოზურგეთიდან ნასაკირალი თქვენ არ იცით რელიეფურად როგორ მდებარეობს, წარმოიდგინეთ ყოველ დილას 9 საათზე, ამდენი კილომეტრი უნდა გამევლო, ბავშვები წამეყვანა სკოლაში, თანახმა ვიყავი სკოლაში მეცქირა იქნებოდა თუ არა ამ ბავშვებზე რაიმე ზეწოლა ან შეურაცხყოფა, თანახმა ვიყავი ერთი თვის განმავლობაში ასე გამეკეთებინა. მიუხედავად ამისა, რომ ჰქონდათ დაზეპირებული სიტყვები ჩვენ არ გვინდა ფსიქოლოგი, არ წავალთ სკოლაში, წავიდეს მასწავლებელი და წავალთ, ამის იქით არაფერს ამბობდნენ, თვითონ მათი ადვოკატიც შეწუხდა.

-ჩანაწერში მე რასაც ვუსმინე, ბავშვების ნათქვამზე, რომ მათზე ძალადობენ, თქვენი არგუმენტი იყო ის, რომ „თქვენ რას ცდილობთ ამ ქვეყნის გასწორებას“ და არ მიაქციოთ იმ მასწავლებლებს ყურადღება. რამდენად მისაღებია ასეთი მსჯელობა?

– არა, ეს ჩემი არგუმენტი არ ყოფილა, რომ ქვეყნის გასწორება… არა, ასეთი რამე გამორიცხულია, მე არ მითქვამს. ეს საქმე დღეს და გუშინდელი არ არის, აქ იყო რესურს ცენტრი, განათლების სამინისტრო ჩართული, შედგა კონფერენციები, არსად არ გამოიკვეთა და ყველა უარყოფს რაიმე ძალადობის ფაქტს, ან იმას, რომ ვინმემ ნიშანი მოაკლო. მიუხედავად იმისა, რომ არ დადიან, ყველა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დააწიონ სასწავლო პროგრამას და როგორმე მივიდნენ. ჩვენ ფაქტიურად რა გავაკეთოთ არ ვიცი.

-ჩანაწერში იყო ასეთი მიმართვა, რომ როგორ რობოტებივით ლაპარაკობთ, თქვენ არ გეკუთვნით ეს სიტყვები?

-არა ჩემო კარგო, მისმინეთ, ამირან შავაძის თემაზე ვსაუბრობთ, ოზურგეთში არ დარჩენილა ადამიანი, ვისი რწმენაც აქვთ, მათი სასულიერო მამაც კი, რომ ამ ადამიანთან კონტაქტზე არ გავსულიყავით და არ გვეთხოვა, რომ იქნებ როგორმე, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, სულ ასე ვესაუბრები ამირან შავაძეს, ვთხოვ, რომ მოდი ასე ვქნათ, ვერანაირად ვერაფერ დათმობაზე ვერ წამოვიყვანთ. სოფლის დეპუტატი მივიყვანეთ. სოციალურ სააგენტოს დირექტორის და მასწავლებლის გაშვება რომ არ შეუძლია სკოლიდან, ხომ ფაქტია.

კომუნიკაცია გაქვთ რეფერირების ბრძანების თანახმად განათლების სამინისტროსთან…

-მათ ვერანაირი დარღვევა ვერ ნახეს. ჩვენს ფსიქოლოგსაც უნდობლობას უცხადებს, ახლა სააგენტოს მოვთხოვეთ იქნებ სხვა რეგიონიდან მოვიწვიეთ ფსიქოლოგი, რომ ჩაერთოს ბავშვებთან, ეს არის ამირანის წინადადება, ჩვენ მივყვებით ყველაფერზე, რომ ბავშვებისთვის გახდეს ყველაფერი კარგი და მათ თავიანთი უფლებებით ისარგებლონ, განათლება მიიღონ, მივდივართ ამაზე, რომ ველოდებით ახლა ფსიქოლოგს.

 

"აიპრესი" სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ახალი ფსიქოლოგი შავაძეების ოჯახში უახლოეს დღეებში მივა:

 

„შავაძეების ოჯახის საქმეში ახალი ფსიქოლოგი ჩაერთო, მათთან იმერეთის რეგიონის ფსიქოლოგი მივა უახლოეს დღეებში, მას შემდეგ რაც საქმის შესწავლას დაასრულებს. ასევე საქმეში ჩართვის სურვილი გამოთქვა არასამთავრობო ორგ;ანიზაციამ- "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი" და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ მათ ხელი რეალური შედეგის მისაღებად. ამ ოჯახთან დაკავშირებით რაიმე სხვა სიახლე არ გვაქვს და მეტის თქმა ამ ეტაპზე არ შეგვიძლია“.

Comments
Loading...