- Advertisement -

გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი

447

სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ვაზისუბანში, ახაშენსა და ველისციხეში. მოსახლეობის თქმით, იმის მიუხედავად, რომ სარეაბილიტაციო სამუშოებსა და ჭაბურღილების მოწყობაზე დიდი რაოდენობით თანხა იხარჯება, ველისციხესა და ახაშენს წყალი კვირობით არ აქვს.

მოსახლეობის ნაწილს მისი მოტანა ტრანსპორტითა თუ ხელით შორი მანძილიდან უწევს, ნაწილი კი ყიდულობს.

ნანა ნესუაშვილი, ადგილობრივი: "მე პირადად, წყალს ვყიდულობ, ამ პენსიით საჭმელი შევიძინო, წამლები თუ წყალი?! იქნებ დაგვეხმაროს ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებაში?“

ნაზი ჯაშიაშვილი: "ახაშენში წყალი რამდენიმეგან დაბურღეს,მაგრამ ისეთი ფერი აქვს, თითქოს ტალახი მოდის. ვფიქრობ, წყლის დაბურღვის სამუშაოები არასწორად ხორციელდება,თანხები იხარჯება, მაგრამ ფაქტია, რომ სოფელში წყალი არ გვაქვს".

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ წყლის დებეტის შემცირება ძლიერმა გვალვამ გამოიწვია, სათავე ნაგებობებში წყალი დაშრა და ამიტომ შეიქნმა სოფლებში წყალმომარაგების პრობლემა.

"სათავე ნაგებობებში წყალი გვალვის გამო დაშრა,აქედან გამომდინარე შეიქმნა პრობლემაც. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ გამოცხადებული გვავქვს ტენდერი და უახლოეს მომავალში სოფელ ვაზისუბანში არსებული ჭაბურღილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, ასევე მოეწყობა 1000 ტონიანი წყლის რეზერვუარი. სოფელ ახაშენში იგეგმება კიდევ ერთი ჭაბურღილის რეაბილიტაცია. რაც შეეხება ახაშენში მღვრიე წყლის პრობლემას. აღნიშნულ სოფელში, ერთერთ უბანში ცოტა ხნის წინ გაიწმინდა ჭაბურღილი, სწორედ ამის გამო მოდის ამღვრეული წყალი. წყლის დაწმინდავებას გარკვეული დრო სჭირდება, მანამდე კი აუცილებელია ამ წყლის გადადუღება და ისე გამოყენება, რის შესახებაც ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებული გვყავს", – განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ია დათუკიშვილმა.

Comments
Loading...