- Advertisement -

დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები იწყება

300

დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები იწყება. საკითხის განხილვა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იგეგმება.

კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს.

სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით ნებისმიერი თვითდასაქმებული.

წარმოდგენილი კანონპროექტი განსაზღვრავს დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ვალდებულებებს საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით.

კერძოდ დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც წლიურად არ აღემატება 60 000 ლარს.

ამასთანავე, დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებულის სახელით დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც წლიურად არ აღემატება 60 000 ლარს.

გარდა ამისა, დასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფო ვალდებული იქნება დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის 2%, ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება 24 000 ლარს წელიწადში, ხოლო დაუბეგრავი ხელფასის 1% ხელფასის 24 000-დან 60 000 ლარამდე მოცულობაზე.

თვითდასაქმებულისათვის სქემაში ჩართვის შემთხვევაში მინიმალურ კონტრიბუციას წარმოადგენს მისი დასაბეგრი შემოსავლის 4%. თვითდასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფო გადარიცხავს თვითდასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე თვითდასაქმებულის დასაბეგრი შემოსავლის ორ პროცენტს (2%) თანხის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება თვითდასაქმებულის მიერ წლიურად დასაბეგრი შემოსავლის სახით მიღებულ 24 000 ლარს, ხოლო 1%-ს თვითდასაქმებულის მიერ წლიურად დასაბეგრი შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე 24 000-დან 60 000 ლარამდე.

Comments
Loading...