- Advertisement -

დავითაშვილი: მთავრობამ სოფლის მეურნეობის ტექნიკის დაფინანსებაზე დადგენილება მიიღო

460

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის ტექნიკის დაფინანსების შესახებ დადგენილება მიიღეს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, დადგენილება 7 ათასიდან მილიონ ლარამდე კრედიტის ან ლიზინგის შემთხვევაში თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

„ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც რამდენიმე ხანი მუშაობდა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება, რომელიც საქართველოში ფერმერებს გააჩნიათ, ეს უკავშირდება მექანიზაციას და მექანიზაციის ხელმისაწვდომობას. იცით, რომ ახალი მექანიზაცია საკმაოდ ძვირადღირებული, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია და ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ჩვენ ამ კუთხით კოოპერატივების მიმართულებით გქვონდა და ხდებოდა გარკვეული თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ეს არის უნივერსალური პროექტი, რომელიც დაფარავს მთელ საქართველოს, ყველა ფერმერს, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. მათ საშუალება ექნებათ ისარგებლონ აგროკრედიტით და აგროლიზინგით. ხელისუფლების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებაა, კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდა და ფერმერებისთვის საშუალების მიცემა, რომ კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდონ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრი აქვე აცხადებს, რომ ეს არის საკითხი, რომელსაც ფერმერები ძალიან დიდი ხანი ელოდებოდნენ.

„ჩვენ გქვონდა ინიცირებამდე კონსულტაცია ბევრ ბიზნეს ასოციაციასთან, ფერმერებთან. პროგრამაში პირობები შეჯერებულია. ვფიქრობ, ეს სრულიად შეცვლის ჩვენს სოფლის მეურნეობას მექანიზაციის აღჭურვის კუთხით. ეს უკავშირდება როგორც გამწევ ტექნიკას, ისე იმპლემენტებს, ისე მოსავლის ამღებ ტექნიკას. პროექტში არის ასევე ერთი მნიშვნელოვანი დათქმა. სახელწმიფოს მხრიდან თანადაფინანსების პერიოდში მექანიზაციის ქვეყნიდან გასვლა არის შეზღუდული იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას ის პოტენციალი, რომელიც გვჭირდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული დადგენილება 1 თებერვალს შევა ძალაში.

Comments
Loading...