- Advertisement -

დავით ბაქრაძე: “ქართული ოცნება” უკანონობის დაკანონებაში მარტო რჩება

513

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. მოსმენების შესახებ არსებული კანონპროექტის მიღებით "ქართული ოცნება" ქართული საზოგადოების წინააღმდეგ მიდის და სამომავლოდ ამ კანონის მიღების შედეგებზეც პასუხისმგებლობა მარტომ უნდა აიღოს. 

"დღეს, ქართული ოცნება იღებს კანონს, რომელსაც ეწინააღმდეგება სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ყველა პოლიტიკური პარტია, პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი, საკონსტიტუციო სასამართლო. ანუ ქართული ოცნება რჩება მარტო უკანონობის დაკანონებაში და ძალიან დიდი სამომავლო პასუხისმგებლობის აღებაში, რასაც ეს მახინჯი მოსმენების სისტემა მოიტანს მომავალში. ამიტომ დღევანდელი საპარლამენტო დებატის მთავარი თემაც და ვეტოს მთავარი თემაც ის არის, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდეს თუ რამდენად მარტო დარჩა ქართული ოცნება და რამდენად ქართული საზოგადოების წინააღმდეგ მიდის დღეს ხელისუფლება",-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ "ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ" კანონპროექტს ვეტო 20 მარტს დაადო და საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ გაიზიარა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, უნდა განისაზღვროს, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც ფარული მოსმენა-მიყურადების უფლებამოსილება ექნება. 

Comments
Loading...