დავით ზალკალიანი: საქართველოს საბოლოო მიზანი მკაცრად გაცხადებულია – ეს არის ევროკავშირში წევრობა

11

„ჩვენ გვაქვს ხედვა თუ საითკენ უნდა წავიდეთ, როგორ მოვამზადოთ ქვეყანა ფუნქციურად საბოლოო მიზნისთვის. საბოლოო მიზანი მკაცრად არის გაცხადებული – ეს არის ევროკავშირში წევრობა,“ – ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ მასშტაბური კონფერენციის გახსნამდე გააკეთა.

დავით ზალკალიანი არის სწორედ აღნიშნული კონფერენციის მოდერატორი:

„მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება ბათუმში, რომელიც მიძღვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან. მართლაც უპრეცედენტო კონფერენციაა. ჩვენ გვყავს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი. ასევე 8 საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისარი ევროკავშირიდან, საკანონმდებლო დონეზე ვიცე-სპიკერები, ევროპალამენტის წარმომადგენლები და ვფიქრობ რომ ზოსტად არის დრო შევაჯამოთ შედეგები, რომელიც 10 წლის წინ იქნა დაწყებული. ეს იყო მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც გააერთიანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა და ვფიქრობ რომ დღევანდელ კონფერენციაზე ერთგვარად შევაჯამებთ თუ ვის რა შედეგები აქვს. მე ვფიქრობ, რომ საქართველო, რომელიც ყველას მხრიდან აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. იმ შედეგებიდან გამომდინარე რა შედეგებიც ჩვენ გვაქვს, ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ენერგო თანამეგობრობაში გაერთიანება, სხვადასხვა ფორმატების დაფუძნება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის იქნა შემოღებული – სწორედ ეს არის ის მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ ჩვენ. ასევე ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე, ჩვენ გვაქვს ხედვა თუ საითკენ უნდა წავიდეთ, როგორ მოვამზადოთ ქვეყანა ფუნქციურად საბოლოო მიზნისთვის. საბოლოო მიზანი მკაცრად არის გაცხადებული – ეს არის ევროკავშირში წევრობა,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ბათუმში, სასტუმრო შერატონი უპრეცედენტოდ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.
საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილია, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლეს დონეზე. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

Comments
Loading...