- Advertisement -

დავით ზურაბიშვილი: 2012 წელს პოლიტიკური რევანშიზმის საკითხი არ იდგა, გადახედეთ ივანიშვილის მაშინდელ გამოსვლებს

4

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “ევროპული საქართველოს” ლიდერების დავით ბაქრაძისა და გიგა ბოკერიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულების საკმარისი ტვირთი იყო, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა დემოკრატიის კონსოლიდაციის მიზნით და იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტია არ განადგურებულიყო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “აიპრესი” მაშინდელი კოალიციის წარმომადგენელს, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს დავით ზურაბიშვილს დაუკავშირდა, რომელსაც მივმართეთ კითხვით, რომ იყო თუ არა ამაზე გუნდში საუბარი 2012 წელს, რასაც ზურაბიშვილი უარყოფს და ამბობს, რომ მაშინ შეთანხმებულები იყვნენ იმაზე, რომ რევანშიზმი არ უნდა ყოფილიყო და ყველაფერი დამოუკიდებელ სასამართლოს უნდა გაერკვია, თუმცა შემდეგ ამ გზას გადაუხვია “ქართულმა ოცნებამ”.

„ასეთი რამე, რომ ეს კონკრეტული პირი დავიჭიროთ და ეს არა, ასეთი რამე არ ყოფილა. ეს საკითხი პოლიტიკური ფიგურების საქმე კი არ არის, არამედ უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებები. ოპონენტი არ მომწონს და ეს დასაჭერია და ის არა, ასეთი ლაპარაკი არ ყოფილა. მე შემიძლია გითხრათ, რომ საერთოდ არ იდგა პოლიტიკური რევანშიზმის საკითხი 2012 წელს. ამ პროცესში ჩვენი – რესპუბლიკელების მონაწილეობაც ძალიან ძლიერი იყო მაშინ.
თუ ნახავთ ბიძინა ივანიშვილის მაშინდელ გამოსვლებს, რომლის ტექსტების მომზადებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი მეც მაქვს შეტანილი, იმ განცხადებებში არსად არ წერია, რომ ასეთი რაღაცა მოხდება. პირიქით, იქ ლაპარაკი იყო, რომ ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს დამოუკიდებელმა სასამართლომ ობიექტურად და ჩვენ საზოგადოება არ უნდა გავყოთ.

თუმცა, შემდეგ ისინი დაადგნენ სხვა გზას – უფრო ლაპარაკის დონეზე, ვიდრე კეთების. ეს არის წინასაარჩევნო პროპაგანდა. ეს არის ის რიტორიკა, რომ აი ხვალ დადგება ის დრო, როდესაც მივხედავთ „ნაციონალებსო“. მათ ჰგონიათ, რომ ეს არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, მე კი მგონია, რომ ცდებიან”, – გვითხრა დავით ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, ლაშა ნაცვლიშვილმა ამ თემაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

“საჯარო ინტერესი რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს , ეს არის ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარება. ეს არის ყველაზე დიდი საჯარო ინტერესი,რომელმაც გადაწონა კონკრეტული ადამიანების დასჯის ინტერესი, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებშიც ისინი იყვნენ მხილებულნი, მაგალითად, დათო ბაქრაძე, რომელსაც 261 ათასი გირვანქა სტერლინგი ჰქონდა დამალული ერთ-ერთი ინგლისური ბანკის… არ ჰქონდა დეკლარირებული და ფულის გათეთრებით მიმდინარეობდა მის მიმართ გამოძიება და ერთი ნაბიჯი არის დარჩენილი, თუ პროკურორი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს დევნა. იგივე გიგა ბოკერია, მოუსყიდველის და რაღაც ებერისტული რიტორიკით რომ გველაპარაკება, უხორცო იდეოლოგის, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი. ეს არის უშიშროების საბჭოს მდივნობის დროს ათეულობით მილიონი, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი, ლარის გაფლანგვა-მითვისება-არამიზნობრივი ხარჯვა. არავინ იფიქროს, რომ ამ საქმეებს უჭირდა ან მტკიცებულებითი ტესტი არ იყო დადგენილი, ერთადერთი ინტერესი იყო, რომ დემოკრატის კონსოლიდაციისთვის, იმისთვის რომ ქვეყანაში შემდგარიყო ამას დემოკრატიის კონსოლიდაცია ეწოდება. ოპოზიცია პოლიტიკური ოპოზიცია, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო ხელისუფლებაში, რომელიც დამარცხდა არჩევნებში და გადავიდა ოპოზიციაში სრულად არ განადგურებულიყო”. – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

 

Comments
Loading...