- Advertisement -

დავით ნარმანია: ახალი მეტროსადგური საცობებს მნიშვნელოვნად განმუხტავს

337

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ 15 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურება და საბურთალოზე საცობებს მნიშვნელოვნად განმუხტავს. დავით ნარმანიამ ეს განცხადება მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ გახსნაზე გააკეთა.

''დღეს თითოეული ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, რომელიც ქალაქში რიგით 23-ე ახალი სადგურის მშენებლობასთან იყო დაკავშრებული. დღეიდან ოფიციალურად აღინიშნული სადგური შევიდა ექსპლუატაციაში, რომელიც ამ უბანში საცობებს მნიშვნელოვნად განმუხტავს, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ჩვენთვის.
ყოველდღიურად 15 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურება, რომლებიც იქნებიან კმაყოფილები, ვინაიდან ჩვენ აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მეტროსადგურს ვხსნით, რომელიც არის უსაფრთხო, კომფორტული და ძალიან ბევრ სიკეთეს მოიცავს თავის თავში“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, ქალაქის სატრანსპორტო კომპანია უამრავ სხვა პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მეტროსადგურის ვაგონების განახლება.

„ვაგონების მოდერნიზაციის პროცესი არ გაჩერდება. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ აქტიური მოდერნიზაცია მეტროს მოძრავი შემადგენლობისა და ამ ეტაპზეც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. დაკონტრაქტებულია და მიმდინარეობს 12 ვაგონის მოდერნიზაციის სამუშაოები“, – აცხადებს დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2018 წლის ზაფხულიდან, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი ტურისტებისთვის კომფორტული გადახდის სისტემა ამოქმედდება.

„სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენ საერთაშორისო კონკურსი გამოვაცხადეთ, რომლის ფარგლებშიც იცვლება არსებული გადახდის სისტემა, რომელმაც თავისი თავი ამოწურა და გადახდის სისტემა ხდება უნივერსალური. რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლის ზაფხულიდან ვიზა, ასევე მასტერ ქარდის სისტემაში ჩართული ნებისმიერი პლასტიკური ბარათით იქნება შესაძლებელი გადახდა. ეს როგორც ჩამოსული ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. 

Comments
Loading...