- Advertisement -

დავით ნარმანია საკრებულოში 2016 წლის ანგარიშით წარდგება

514

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს, 16:00 საათზე დედაქალაქის საკრებულოში ერთწლიანი ანგარიშით წარდგება. დავით ნარმანია საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერიის მიერ 2016 წელს განხორციელებული და 2017 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერი ყურადღებას გაამახვილებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. კერძოდ, ჩატარებულ საგზაო სამუშაოებზე, ხიდების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე; ისაუბრებს პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპის შესახებ; დავით ნარმანია, ასევე, შეეხება დედაქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების საკითხებს, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისა და გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.

თბილისის მერი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე, რომელიც დედაქალაქს 2017 წელს ექნება; ყურადღებას გაამახვილებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. გარდა ამისა, დავით ნარმანია დეპუტატებს მიაწვდის ინფორმაციას, რამდენი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა 2016 წელს თბილისში და რა იგეგმება ამ მიმართულებით 2017 წელს. ამასთან, თბილისის მერი ახალგაზრდების, სპორტისა და კულტურის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილებს ყურადღებას.

Comments
Loading...