- Advertisement -

დავით ნარმანია: 87 ხე-მცენარე რომ არ მოეჭრათ, ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის პროექტი შევაჩერე

619

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, 87 სახეობის ხე-მცენარე რომ არ მოჭრილიყო, ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის მშენებლობა შეაჩერა. მისივე განცხადებით, კომპანია მშენებლობისთვის გადარიცხულ თანხას, რომელიც მერიამ საბანკო გარანტიით გასცა, ერთ მილიონ ლარს უკან დააბრუნებს.

"მინდა გამოვეხმაურო გუშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სიუჟეტს და ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თითქოს დედაქალაქის მერიამ ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა ხელოვნურად გააჩერა და ამის მიზეზად მოყვანილი იყო უამრავი ხელოვნური არგუმენტი.

მინდა ხაზგასმით ავღნიშნო ის, რომ ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ გზასთან დაკავშირებით საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულ იქნა კერძო კომპანიის მიერ, რომელიც მოეწოდა დედაქალაქის მერიას სამუშაობის დაწყებამდე, დაგეგმილი იყო ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მოჭრა და გადარგვა, საუბარია 87 სახეობაზე, თუმცა ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი ანალიზი, ვნახეთ, რომ ავტომანქანების მოძრაობა არც ისე ინტენსიური იყო, რომ ამისთვის 87 ხე-მცენარე შეგვეწირა, ამიტომ მე პირადად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი შეგვეჩერებინა და თანხები სხვა მიმართულებით გადაგვემისამართებინა.

რაც შეეხება იმას, რომ კომპანიას რომელსაც სამუშაოები უნდა შეესრულებინა, გადარიცხულია ერთი მილიონი ლარი და ეს არის დაკარგული, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ აღნიშნული თანხა კომპანიას გადაერიცხა შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ ავანსად, რაც გამორიცხავს აღნიშნული თანხის დაკარგვას იმ შემთხვევაში თუ სამუშაობი არ გაგრძელდება, კომპანია ვალდებული იქნება თანხა დააბრუნოს და დაბრუნება კიდევაც.

ერთი ძალიან მნიშნელოვანი კითხვა მინდა ამასთან დაკავშირებით დავსვა, თუ ჩვენ გავაკეთებდით აღნიშნულ ესტაკადას, დავხარჯავდით ფულს და მოვჭრიდით 87 ხე-მცენარეს, ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა დაისმეოდა თუ არა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოჭრა დედაქალაქის მერიამ ქალაქის ცენტრში, სადაც ისედაც მწვანე საფარის ნაკლებობაა, 87 ხე-მცენარე? ალათ ამასთან დაკავშირებით იქნებოდა ძალიან დიდი კრიტიკა. ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არის მართებული, თანხები რომელიც ამ პროექტისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, გამოყენებულია სხვა არანაკლებ მნიშნელოვანი პროექტების განსახორციელებლად",-განაცხადა დავით ნარმანიამ. 

Comments
Loading...