- Advertisement -

დავით სერგეენკო: სადაზღვევო კომპანიებს რაიონები საერისთავოებივით ჰქონდათ გადანაწილებული

657

გამკაცრებული რეგულაციები კლინიკებისთვის, გამაფრთხილებელი სიგნალი სადაზღვევო კომპანიებისთვის, ჯანდაცვის მიერ გაცემული ბიუჯეტის მკაცრ კონტროლზე აყვანა და სწორება ხარისხზე – ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის მეორე ტალღა დაიწყო.

რას ითვალისწინებს რეფორმა, რა კრიტერიუმი დაუწესდებათ კლინიკებს და რა სანქციები ელით პაციენტებისთვის თანხების არამიზნობრივად მოთხოვნის შემთხვევაში?!

რატომ გააკეთა ძალიან მკაცრი განცხადებები მინისტრმა სადაზღვევო კომპანიების მისამართით?

– საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთეთ სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით. სადაზღვეოები მუდმივად იყო „აქილევსის ქუსლი“ ჯანდაცვაში და თქვენი კრიტიკის ობიექტი. მინისტრად დანიშვნისთანავე ასე ვთქვათ, ხისტი პოზიცია გქონდათ მათ მიმართ და გააანაწყენეთ კიდეც ძალიან ბევრი სადაზღვევო კომპანია. რა ფაქტებს ეყრდნობით, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებთ სადაზღვევოების მისამართით?

– უპირველეს ყოვლისა, მოცემულობაა ასეთი, რომ გამართული და კარგად ფუნქციონირებადი სადაზღვევო ინდუსტრიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემისთვის. ამ სადაზღვევო ინდუსტრიის მდგრადობა პრინციპში ჩვენს ინტერესშია, რამდენადაც ჯანდაცვის სისტემამ უნდა იმუშაოს გამართულად. საქართველოში შედარებით ახალია ჯანმრთელობის დაზღვევის ინდუსტრია, ფართო მასშტაბით 2007 წლიდან დაიწყო და როგორც ერთ-ერთ ახალ იდუსტრიაა, მათაც ბევრი წინაღობა და ბევრი არასწორი გადაწყვეტილებები გაუვლიათ თავის გზაზე.

საკვანძო საკითხები რომელიც შეგვიძლია გამოვყოთ, არის ის, რომ გადაფასება მოხდა 2010 წელს და პრაქტიკულად ძალიან მოკლე დროში იმ სადაზღვეო კომპანიებს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში მონაწილეობდნენ, ძალიან სწრაფად, პრაქტიკულად დღე-ღამის განმავლობაში, დააკისრეს დამატებითი ვალდებულებები და ეს ვალდებულებები დაფიქსირდა შესაბამის დადგენილებებში.

ეს ვალდებულებები იყო მაგალითად ის, რომ გარდა იმისა რომ განეხორციელებინათ დაზღვეულების სამედიცინო მომსახურება, უნდა აეშენებინათ კლინიკები. გარკვეული ვალდებულება იყო რაიონული სასწრაფოების ფუნქციონირება, მართვა და მათი დანახარჯების უზრუნველყოფა, მათ შორის ავტოპარკის განახლება. ეს ტვირთი მათთვის ძალიან მძიმე იყო.

– რა შეიცვალა თქვენი მინისტრობის შემდეგ?

– 2012 წლის ბოლოს, როდესაც ჩვენ პირველი კომუნიკაცია გვქონდა მათთან, დაზღვეული ადამიანების მომსახურეობა მართლაც ვერ იყო შესაბამისი დონის. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სადაზღვევო კომპანიებს რეალურად უჭირდათ კლინიკებისთვის დანახარჯების ანაზღაურება და ეს დავალიანებები ხშირად აღწევდა ნახევარ წელს, ერთ წელს, ანუ მათ რეალურად რთული მდგომარეობა ჰქონდათ 2012 წლის ბოლოსკენ და ამ მდგომარეობის სიმძიმე უმეტესწილად გაპირობებული იყო 2010 წელს დაკისრებული ვალდებულებებით.

როდესაც ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა, მაშინ გვქონდა ასეთი მდგომარეობა: 2013 წლის ბოლომდე სანამ საყოველთაო ჯანდაცვის პირველი ეტაპი ამოქმედდებოდა, დაახლოებით მოსახლეობის ნახევარს ჰქონდა ჯანმრთელობის დაზღვევა, ხოლო მოსახლეობის ნახევარს – არა. ჩვენ ასევე მათთან კონსულტაციებით შევთანხმდით, რომ პირობითი მიჯნა ყოფილიყო კერძო დაზღვევის მქონეებსა და საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეებს შორის, რადგანაც მიზიდულობა ძალიან დიდი იყო საყოველთაო ჯანდაცვის. ეს ჩვენთვისაც მისაღები იყო და გაიმიჯნა.

მეორე – ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ უახლოესი წლინახევრის განმავლობაში 2014 წლის შემოდგომამდე, ჩვენ გავაკეთებდით პარალელურ ადმინისტრირებას ანუ ჩვენ არ შევიდოდით იმ პროექტების მართვაში, რასაც ისინი მართავდენ, თუმცა ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდით და ამ პერიოდის მერე უნდა შეგვედარებინა ვინ როგორ შევძელით ამ პროეტების მართვა. ვინც ამას უკეთ გააკეთებდა, მთლიანი მართვა გადავიდოდა მისკენ. 2014 წლის სექტემბერში სავსებით ცხადი სურათი დაიდო, რომ მათ არ უღირდათ, მათთვის ზარალიანი იყო, როცა ჩვენ იგივე თანხაში ძალიან წარმატებით მოვახერხეთ ეს, იმიტომ რომ ჩვენი ადმინისტრაციული დანახარჯები იყო მიზერული მათთან შედარებით. ამავე დროს ისინი მოგვმართავდნენ თხოვნით რომ აი ის მძიმე ტვირთები, რომელიც ჰქონდათ მათ ჩამოკიდებული, ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, გაგვეკეთებინა მათი ცვლილება, მოდიფიცირება და წარმოგვიდგინეს 20-მდე პუნქტი, როგორ გაგვეკეთებინა, შეგვეცვალა მათი ვალდებულებები.

ჩვენ მყისიერი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. რამდენიმე თვე ანალიზს მოვანდომეთ და უკლებლივ ყველა ამ პირობაზე დავთანხმდით. ეს ტვირთი შევუმსუბუქეთ. იყო კიდევ ერთი ფაქტორი: სადაზღვევოებს ძალიან ბუნდოვანი პირობებით ჰქონდათ შეძენილი რამდენიმე რაიონული საავადმყოფო, სასწრაფოსაც ისინი მართავდნენ და სავადმყოფოსაც, ფიქრობდნენ რომ კარგ მოგებაზე გავიდოდნენ, თუმცა ეს გეგმა არალოგიკური იყო და შესაბამისად, არც გაამართლა. აღმოჩნდა, რომ მათთვის ბიზნესის კუთხით წამგებიანი იყო. ამავე დროს ეს იყო ერთადერთი დაწესებულება იმ რაიონში და რეალური საფრთხე ექმნებოდა მოსახლეობას. ჩვენ მაშინ სრული უფლება გვქონდა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო უბრალოდ ჩამოგვერთვა ეს კლინიკები მათთვის, მაგრამ ამით რეალურად ალბათ დავშლიდით მთლიანად სადაზღვეო ინდუსტრიას.

გავაანალიზეთ ყველაფერი და ეს კლინიკები მათგან გამოვისყიდეთ, ამაში გადავუხადეთ თანხა. შემდეგი, მართლაც მძიმე ტვირთი რაც ჰქონდათ, რომელიც წლიდან წლამდე გაეზრდებოდათ და რაზეც თავიდან დათანხმდნენ, ეს იყო რაიონული სასწრაფო დახმარების მართვა. ასეთი მოდელი არ ვიცი სადმე თუ არსებობს, თითო რაიონი ასე საერისთავოებივით ჰქონდათ დანაწილებული – კლინიკა, სასწრაფო დახმარება… ცხადია, ამ სასწრაფოს ოპერირებას თანხები სჭირდებოდა, რაც იმ პრემიების ფარგლებში უნდა გადაეხადათ, რასაც სახელმწიფო პროგრამიდან იღებდნენ. პირველ წელს 25%, მეორე წელს 50% და მესამე წელს სრული 100%. ამავე დროს მათ ვალდებულება ჰქონდათ, მთლიანად განეახლებინათ ავტოპარკი, 200 -ზე მეტი მანქანა.

– მათ ეს ვალდებულებები ვერ შეასრულეს… თუმცა, როგორც ვიცი, არც პასუხი აგო ვინმემ ამის გამო…

დიახ, გარდა იმისა, რომ ვერ შეასრულეს, პრობლემებიც შეგვიქმნეს სერიოზული და აქაც გვქონდა აბსოლუტურად ლეგიტიმური ბერკეტები იმისათვის, რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ისინი მათივე ხელმოწერილ დოკუმენტში მათივე ჩაწერილი პირგასამტეხლოებით დაგვეჯარიმებინა, მაგრამ ესეც გამოიწვევდა მთლიან დაშლას ამ ინდუსტრიის, უბრალოდ აღარ იარსებებდა საქართველოში ჯანმრთელობის სადაზღვეო ინდუსტრია. ამიტომ ჩვენ ვითანამშრომლეთ მათთან და განვტვირთეთ.

განტვირთვა გამოიხატა იმაში რომ მართვა გადმოვიბარეთ მთლიანად ჩვენ 2014 წლის პირველ იანვარს მოვუხსენით ვალდებულება ავტოპარკის განახლების და ჩვენი ხარჯით გავაკეთეთ ეს. ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, გუშინ მე ოპონენტი არ მეყოლებოდა, იმიტომ რომ არ იარსებებდა ასეთი ინდუსტრია საქართველოში. ასეთი მაგალითები თანამშრომლობის შემიძლია უამრავი მოვიყვანო ამ წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვცდილობდით, რომ მათთან პარტნიორული ურთიერთობა გვქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, არამც თუ ამის სიმეტრიული ნაბიჯი, ამის მცდელობაც კი ვერ დავინახეთ. ამიტომ, გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის.

– "მილიონობით ლარი სადაზღვეოების ანგარიშზე" – რას ნიშნავდა თქვენი ეს განცხადება? ეს არის არამიზნობრივად გახარჯული თანხა თუ თანხა, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ? კონკრეტულად რომ ვთქვათ, რა თანხებზეა საუბარი?

– მაგალითად იქს სადაზღვეო კომპანიამ გაყიდა დაზღვევის პოლისი, სადაც უწერია ვალდებულებად რომ მან რამე გეგმიური ოპერაციის 70 ან 80% უნდა აანაზღაუროს. დადგა ასეთი შემთხვევა, პაციენტმა მოიტანა ანგარიში კლინიკიდან, სადაც ოპერაცია უნდა გაიკეთოს დავუშვათ 1000 ლარზე და მიაკითხა თავის მზღვეველს. მზღვეველს კონტრაქტით ვალდებულება ჰქონდა რომ ამ 1000 ლარიდან გადაეხადა 700. ამის შესაბამის თანხებს ამ ადამიანებისგან პრემიუმს ყოველთვიური შენატანის სახით იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვალდებულება მისი შესასრულებელი იყო, ამის მაგივრად სადაზღვევო კომპანია ჯერ აგზავნის ამ პაციენტს საყოველთაო ჯანდაცვის ოფისში, რამდენადაც მას ეს პრივილეგია საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობის, იმის გამო რომ ბაზები არ არის განახლებული, დარჩენილი აქვს. ჩვენ ვუხდით მას ამ თანხას. სადაზღვევო კი იმის მაგივრად, რომ გადაუხადოს 700 ლარი რაშიც ფულს იღებს, უხდის 300 ლარს. ეს არის ორმაგი დაფინანსება. ეს იყო თვეში სავარაუდოდ მილიონი, რაც მე ვახსენე, ამ დღეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თანხებს სადაზღვევოებს კი არ ვურიცხავთ, არამედ მათ გადასახდელ ფულს ვიხდით. მათ ბიზნესგეგმაში, გაყიდულ პაკეტებში რაც ეწერა, რომ მათი გადასახდელი იყო ეს მილიონი და ბიზნესგეგმაც ამაზე ჰქონდათ აწყობილი, მათ მაგივრად ვიხდით ჩვენ და ეს მილიონი ეზოგებათ. ირიბად გამოდის, რომ ჩვენს მიერ გადახდილი თანხისგან ხეირს ზოგიერთი სადაზღვეო კომპანია იღებს.

ავტორი: თამარ ლეფსვერიძე

Comments
Loading...