- Advertisement -

დავით უსუფაშვილი: “ქართულმა ოცნებამ” ვენეციის კომისიაში ქვეყანას თავი მოჭრა

472

პოლიტიკური მოძრაობა „შენების მოძრაობის“ წევრის დავით უსუფაშვილის შეფასებით, კონსტიტუციაში ცვლილებები ხალხის ფართო სპექტრის ჩართულობით უნდა შევიდეს და არ უნდა იყოს ის ერთი პოლიტიკური ძალის ნება-სურვილზე „მოჭრილი.

მისი თქმით, მმართველმა ძალამ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი არასწორად წარმართა.

„დიდი ალბათობით, პროცესი იქით მიდის, რომ ჩვენ მივიღებთ ერთი პარტიის კონსტიტუციას, რომელიც იქნება მნიშვნელოვნად ნაკლული დოკუმენტი, ვიდრე ჩვენ გვქონდა მთელი ამ 95-წლიდან დღემდე. მიუხედავად თავისი შიდა ხარვეზებისა და მრავალჯერ არასწორი ცვლილებების შეტანისა, კონსტიტუცია ასრულებდა ქვეყნის, საზოგადოების, ერის ფუნდამენტის ფუნქციას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

დავით უსუფაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სწორი ნაბიჯი რომ გადაედგა, სხვა საკითხებზეც მიაღწევდნენ კონსესუსს.

უსუფაშვილი აქვე ამბობს, რომ 2016 წლამდე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პროექტი უკვე მზად იყო, რომელზეც ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდებოდა. დოკუმენტი ვენეციის კომისის მიერაც იყო მოწონებული.

„ერთადერთ საკითხზე, „ქართულ ოცნებას“ რომ გადაედგა ის ნაბიჯი, რომელიც თავადვე გამოაცხადა, რომ იყო სწორი და ეს იყო საპარლამენტო საარჩევნო სისტემა, მაშინ ამ კონსტიტუციას, ამ პროცესს ექნებოდა არასრული, მაგრამ უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერა პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც. ანუ, ერთ საკითხს გადააყოლა „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი.

„ქართულმა ოცნებამ“ პირველ რიგში პოლიტიკურად არასწორად წაიყვანა ეს პროცესი, თავიდან გასცა იმ ტიპის დაპირებები, გააჩინა იმ ტიპის მოლოდინები, რომელიც საზოგადოებისთვის იყო ცნობილი, და იმ მოლოდინებში ამ პროპორციული სისტემის შიგნით დახვეწაზე მიმდინარეობდა მსჯელობა.

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ ვენეციის კომისიაშიც მოჭრა ქვეყანას თავი, რადგან ვენეციის კომისიამ დასკვნა დადო იმ ტექსტზე, რომელიც მას ედო წინ. ვენეციის კომისიის დასკვნის 20 გვერდიდან 6 გვერდი ეთმობა სწორედ პროპორციული სისტემის ბონუსური მოდელის გამართვის და გაკეთილშობილების მცდელობას. მე ეს ვიცი და ამას ჰაერზე არ ვსაუბრობ, რომ ვენეციის კომისია არანაკლებ არის შეშფოთებული იმ განვითარებით, რაც ბოლო სამ დღეში მოხდა. ანუ ვენეციიდან სანამ ქუთაისში ჩავიდა ეს ხალხი, მან შეცვალა ყველაფერი ამ კონკრეტულ საკითხში და ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს საკითხი იყო გასაღები სხვა თემებზე კონსესუსის მიღწევის“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

Comments
Loading...