- Advertisement -

დევდარიანი: ხელისუფლება იმ გზით მიდის, რომელმაც მისი წინამორბედი დამარცხებამდე მიიყვანა

601

არასამთავროვო ორგანიზაციის „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლება იმავე გზას დაადგა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიარა და სწორედ ამ გზის არჩევის გამო ხელისუფლების დათმობა მოუწია. დევდარიანი "აიპრესთან“ მიუთითებს, რომ წინა ხელისუფლების ერთ-ერთი სერიოზულ პრობლემას სწორედ მედიის მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესის ქვეშ კონსოლიდაცია წარმოადგენდა.

რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო სექტორმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამყარებს ეჭვებს სასამართლო პროცესში უხეში ჩარევის შესახებ. ზვიად დევდარიანმა იმ „აიპრესთან“ იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესის პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებს.

„როცა განცხადებას ვავრცელებდით ვითვალისწინებდით არა მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას რაც საბოლოო ეტაპზე მიიღო სასამართლომ, არამედ მთლინად პროცესის შეფასება გვაძლევს ამ დასკვნების გაკეთების საშუალებას. პირველ ინსტანციაში განხილვის შედეგად უკვე ნათელ იყო, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, სადაც პირდაპირ იყო მითითებული, რომ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეცვლილიყო, სასამართლო ფაქტობრივად ისეთ პრეცენდენტს ქმნიდა, რომელიც სრულად მოდიოდა წინააღმდეგობაში მედიის თავისუფლების პრინციპებთან და უკვე შემდგომ განვითარებული მოვლენები, მათ შორის, პოლიტიკური განცხადებები მმართველი გუნდის მხრიდან, სხვადასხვა ნაბიჯები, რომლებიც გადადგმული იყო იმისაკენ, რომ გაჭიანურებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება, რეფორმა რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ჩაეშვა, რომელიც ცალსახად მიუთითებდა, რომ მას ჰქონდა პოლიტიკური დატვირთვა და იყო მცდელობა, რომ ცალკეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეცვლილიყო გადაწყვეტილების მიღების ფორმა და საბოლოო ეტაპზე უზენაესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თავად ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მოკლე ვადებში და ერთხმად იყო მიღებული, ეს საერთო ჯამში ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოში ფაქტობრივად ამოიწურა სამართლებრივი ნაბიჯები ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და ეს უამრავი დაგროვილი შეკითხვა, ერთი მხრივ ხდება პოზიციონირება, რომ თითქოს არის ორი სუბიექტის კერძო დავა და მეორე მხრივ, ცალსახად ჩანს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია, ჩვენ ეს გვიბიძგებს იმისკენ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ამ პროცესში პოზიტიურად, რომ მიეცეს სასამართლოს იმის შესაძლებლობა, რომ გააგრძელოს მსჯელობა, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და ამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე იყოს შეჩერებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება“,-აცხადებს ზვიად დევდარიანი.

მისივე თქმით, მედიაში გარკვეული პროცესები ვითარდება, რომელიც მხოლოდ რუსთავი 2-ს არ ეხება და ეროვნული მედიასაშუალებების ერთი პოლიტიკური ინტერესის ქვეშ კონსოლიდაციას ცდილობენ.

„მე ვსაუბრობ იმ ნაბიჯებზე, რაც ჩვენს კითხვის ნიშნებს აჩენს რუსთავი 2-თან დაკავშირებით, მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს, რომ აქ არის ძალიან სერიოზული პროცესები მედიასთან მიმართებაში, რომელიც მხოლოდ რუსთავი 2-ს არ ეხება, ვხედავთ საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, სადაც თითქმის არის გადაწყვეტილი, რომ არა ერთი გადაცემის დახურვა მოხდეს. ვხედავთ პროცესებს, რაც უკავშირდება „მაესტროს“ „იმედთან“ და „ჯიდიესთან“ გაერთიანებას თუ ერთ მფლობელის ხელში აღმოჩენის პროცესს. მოკლედ, მედიაში მიმდინარეობს ის პროცესები, რომელიც გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ არის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები ამ სფეროში და იმის მცდელობა, რომ შემცირდეს კრიტიკული სივრცე მედიაში და ეტაპობრივად მოხდეს ეროვნული მედიასაშუალებების კონსოლიდირება ერთი პოლიტიკური ინტერესების ქვეშ.

მნიშნელოვანია ამის ანალიზს ვახდენდეთ და რაღაცნაირად ძალიან ადვილად უკავშირდება ეს პროცესები ერთმანეთს, მედიაში მიმდინარე კონსოლიდაციის პროცესი, ცალ-ცალკე სხვადასხვა მიზეზები აქვს, როგორ უნდა დააკავშირო მაგალითად ის პროცესები რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში და ცალკე რუსთავი 2-ში ხდება, მაგრამ შედეგობრივად თუ შევხედავთ, ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებების შედეგი არის მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესის საგანი, ვინაიდან ისინი იღებენ უფრო ნაკლებად კრიტიკული პოზიციების წარმოჩენის შესაძლებლობას ეროვნულ მედიაში, ოპოზიციისთვის ეს სივრცეები ნელ-ნელა მცირდება, მცირდება პოზიციები კრიტიკული და განსხვავებული აზრისთვის, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ მართალია ფორმალურად სხვადასხვა მმართველები ჰყავდა ეროვნულ მედიასაშუალებებს, მაგრამ ფაქტობრივად, შედეგობრივად, ის იყო მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესის სფეროში.

სულ ახლა ხანს იყო ეს პროცესი, რამდენიმე წლის უკან და სამწუხაროდ ეს გაკვეთილები ალბათ ვერ მიიღო დღევანდელმა ხელისუფლებამ, რაც მაშინ მოხდა. თუკი რაიმემ მოახდინა შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესების გენერირება, დაძაბულობა საზოგადოებაში, გამოიწვია სწორედ იმან, რომ ფაქტობრივად ვერ ვხედავდით კრიტიკულ და განსხვავებულ აზრს მედიის სივრცეში. ეს სივრცეები ეტაპობრივად შემცირდა, ასე რომ ჩვენ რომ გვქონდეს ამ გამოცდილებებიდან გამომდინარე კითხვის ნიშნები რაც დღეს ხდება, მემგონი სრულიად ბუნებრივია.

პირდაპირ დასახელება, რომ ესა და ეს ადამიანი ამ ფორმით ამას აკეთებს, ასეთ ფორმულირებას ვერ გააკეთებ, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგობრივად ის გადაწყვეტილება რაც სასამართლომ მიიღო რუსთავი 2-თან დაკავშირებით, რაც ხდება სხვა მედიასაშუალებებში ქმნის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესის საერთო სურათს და ამ შემთხვევაში ჩვენი განცხადება მემგონია სრულიად ბუნებრივია“,-აცხადებს ზვიად დევდარიანი. 

მისივე თქმით ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებიც რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის ინტერესზე მიუთითებს. მისივე თქმით, მედიაში პროცესები ცალკეული გადაცემების დახურვით დაიწყო, თუმცა მედიის ერთი ინტერესის ქვეშ კონსოლიდირებისთვის უფრო თამამი ნაბიჯები იდგმევა.

„ხელისუფლების განცხადებების გვიბიძგებს ამ აზრისკენ, რა პროცესები იყო -ფაქტიურად ბოლო პრემიერის გარდა, ყველა წინა პრემიერი ხაზს უსვამდა რუსთავი 2-თან დაკავშირებით საკუთარ ნეგატიურ პოზიციას, იგივე დეპუტატები მმართველი გუნდის მხრიდან ღიად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას იმ სარედაქციო პოლიტიკის გამო, რაც რუსთავი 2-ს გააჩნდა და ზოგადად კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ იყო ეს დამოკიდებულება. ადვილად არის გასახსენებელი ასევე ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციები და ურთიერთობს ფორმები მედიასთან, როცა ის ცდილობდა არ მიეღო კრიტიკული შეკითხვები და იქით ესწავლებინა ფორმები როგორ უნდა დასმულიყო ეს შეკითხვები. 

მერე როგორ იხურებოდა ეს გადაცემები სხვადასხვა მედიაში, მათ შორის მაუწყებელზე, მათ შორის, იმედზე და ის გადაცემები, სადაც ასე თუ ისე იყო დისკუსია, იყო კრიტიკული და განსხვავებული პოზიციები. ახლა ვხედავთ, რომ უკვე გადაცემების დახურვიდან გადავედით უფრო თამამი ნაბიჯები გადადგმაზე, ხდება მედიების კონსოლიდაცია, ვხედავთ რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს, ასე რომ მთლინად ეს პროცესი იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს არ არის მხოლოდ რუსთავი 2-ის თემა და ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელიც სამწუხაროდ, ვიღაც თვლის, რომ სასარგებლო იქნება მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. მე პირადად მივიჩნევ, რომ ის გამოცდილება, რაც მივიღეთ ბოლო წლებში, მათ შორის წინა ხელისუფლების დროს, მიუთითებს, რომ ამას მხოლოდ ნეგატივის მოტანა შეუძლია, ძალიან მოკლე ვადიანი გათვლაა, შეიძლება ერთი-ორი წელი. თუმცა, პრობლემა სწორედ ეს არის, ისინი არ თვლიან, რომ ეს იქნება მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტი ექნება.

ზვიად დევდარიანის განცხადებით, მმართველი გუნდის  დაპირება ხელისუფლების დეცენტრალიზაციაზე შეუსრულებელია და რეალურად, ყველა ბერკეტს იყენებენ ცენტრალიზებულად მართვისთვის.

„მედიის ხელში ჩაგდება, ის დარტყმა რაც მიიღო სასამართლომ და მისმა იმიჯმა, სასამართლოს ხელში ჩაგდება, სულ ახლახანს იყო მიღებული გადაწყვეტილება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით და ორგანიზაციები ვინც კამპანია „ეს შენ გეხებაში“ ვართ, ავღნიშნავთ, რომ ფაქტობრივად მოდელი კიდევ უფრო უარესდება, განსაკუთრებით კერძო კომპანიების ჭრილში, რომლებიც ახორციელებენ სატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდებას და ფაქტობრივად მოდელი რჩება გაუარესებული, კვლავ რჩება სივრცე უკანონო მოსმენებისთვის, იგივე სუს-ის როლი და ის თემები, რაც უკავშირდება დეცენტრალიზაციის საკითხს და ვხედავთ, რომ დაპირება იმის, რომ ხელისუფლება უფრო დეცენტრალიზებული იქნებოდა, არ ხორციელდება და კვლავ ცენტრალიზებული და კონსოლიდირებული რჩება, უამრავი თემა მიუთითებს იმაზე, რომ ის ბერკეტები, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო მმართველობის მაქსიმალურად ცენტრალიზებისთვის, კვლავ გამოყენებულია ამ ხელისუფლების მიერ და ფაქტობრივად ეს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის იგივე მიმართულებით რა მიმართულებითაც წინა მიდიოდა და რამაც მისი პოლიტიკურად დამარცხება და ხელისუფლებიდან წასვლა გამოიწვია“,-აცხადებს ზვიად დევდარიანი.

ზვიად დევდარიანი მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის საკითხზე არა მხოლოდ მხოლოდ რუსთავი 2 და პოლიტიკური პარტიები, არასამათავრობო სექტორი უნდა აქტიურობდეს, ჟურნალისტები იჩენდნენ სოლიდარობას და პოზიციას ღიად უნდა აფიქსირებდნენ.

„მსგავსი გადაწყვეტილება რაც არა ერთმა იურისტმა აღნიშნა ამ დღეებში მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარა მსგავს თემაზე და ძირითადად გადაუდებელ შემთხვევებთან დაკავშირებით ხდება ხოლმე, მედიის თავისუფლების საკითხზე მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული და ძალიან ძნელია ასეთი პრაქტიკის დაწყება, ანუ ეს არის პრეცენდენტი დაშვება, რაც ასე ადვილად არ ხდება, თუმცა, სასამართლო იმის სასამართლოა და მოსამართლე იმის მოსამართლეა, რომ ის ხელმძღვანელობს სამართლებრივი ნორმები, საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით, ბუნებრივია როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ეფუძნებოდა სწორედ სამართლებრივ ნორმებს და ეს არ  იყო სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომელსაც შესაბამისი დასაბუთება გააჩნია. თუმცა, ვნახოთ 8-ში როგორ გაგრძელდება კოლეგიის მიერ ამ გადაწყვეტილებაზე მსჯელობა და ვნახოთ რა იქნება ის საბოლოო გადაწყვეტილება აი ამ ნაწილთან დაკავშირებით, დატოვებს თუ არა ძალაში მორიგე მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამ ფონზე ბუნებრივია მნიშნელოვანია, არა მხოლოდ რუსთავი 2 აქტიურობდეს, ან პოლიტიკური პარტიები, არამედ არასამთავრობოები, ჟურნალისტები იჩენდნენ სოლიდარობას და საქმის ინტერესიდან გამომდინარე საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებდნენ“,-განაცხადა დევდარიანმა.

Comments
Loading...