- Advertisement -

დეპუტატი: ძნელია ზუსტად მახსოვდეს რა ქონებებს ვფლობ, ძალიან ბევრია

449

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გია მიქელაძე აცხადებს, რომ მას გააჩნია რამდენიმე უძრავი ქონება, რომლიდანაც გარკვეულ შემოსავალს იღებს. ამის შესახებ მიქელაძემ "საერთაშორისო გამჭირვალობის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ძალიან ძნელია ამ წუთში მე ზუსტად მახსოვდეს რომელ ქონებებს ვფლობ კონკრეტულად. ძალიან ბევრი მაქვს. მაქვს როგორც საწარმოები, ასევე მაქვს უძრავი ქონება. შენობა, რომელიც მე მეკუთვნის პირადად, ჩემი საკუთრებაა გაქირავებულია, ხელშეკრულება ჩემს მიერ არის დადებული და მერიცხება ყოველთვიურად თანხები. ალბათ, ეს თანხებია, რომელიც მე მივიღე ამ ხნის განმავლობაში, ვღებულობ და ძალიან მინდა რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ბიზნესი. რა თქმა უნდა, ბიზნესში არ ვღებულობ მონაწილეობას. თუ არის რაიმე გაურკვევლობა მე შემიძლია გავარკვიო",- განაცხადა მიქელაძემ.

"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ" იმ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელების სიას გამოაქვეყნა, რომლებიც არადეკლარირებულ ბიზნეს აქტივებს და მათ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობა ეწევიან. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში. ასევე, პარლამენტის 16 წევრს არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს: 14 დეპუტატი უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე; ხოლო 2 დეპუტატი "საქართველოს პატრიოტებიდან": ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია.

ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს ფლობენ: ივლიანე წულაია "ქართული ოცნება" – 31 კომპანია, ნინო წილოსანი "ქართული ოცნება" – 13 კომპანია, კახაბერ ოქრიაშვილი "ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის") – 13 კომპანია.

Comments
Loading...