- Advertisement -

დიმიტრი ცქიტიშვილი: აბორტი ქალის თავისუფალი არჩევანია, ცოტა ზედმეტად ვერევით

613

დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, მხარი არ დაუჭირა "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, რის მიხედვით, ორსულს აბორტის გაკეთება ორი გინეკოლოგის ან ორი ფსიქიატრის დაკვნის გარეშე ეკრძალება.

"წარმოდგენილი გაქვს აკრძალვის შემთხვევაში როგორ გაიზრდება არალეგალურ ე.წ. საამქროებში არაპროფესიონალების მიერ გაკეთებული აბორტის რაოდენობა?! გაქვთ ამის სტატისტიკა?! როცა ამ საკითხს გვთავაზობთ, თუ გაქვთ ეს გააზრებული?!

მსოფლიოში დიდი ხანია მიდის დისკუსია ამაზე, რა თქმა უნდა არავინ ამბობს, რომ აბორტის გაკეთება კარგია, ბუნებრივია ეს ცუდია, მაგრამ ამ შემთხვევაში რამდენიმე კომპონენტი შემოდის, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ.

1. უფლებრივი კომპონენტი, რომელიც ცალსახდ აძლევს ქალს უფლებას თავად გადაწყვიტოს ეს და არ შეიძლება ჩვენ განვსაზღვროთ ან სხვამ, ან კანონმა უწესოს ამ კუთხით როგორ უნდა მოიქცეს.

2. როდესაც ვსაუბრობთ ქალის ჯანმრთელობაზე… თუ ჩვენ გარკვეული შეზღუდვები დავაწესეთ, რეალურად ეს ჩრდილოვან სივრცეში გადადის, რომელიც ქალის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ და უზარმაზარ ზიანს აყენებს. ასე ცუდი მაჩვენებლებისკენ მივდივართ, რაც ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია.

მესმის, რომ ეს ვიღაცისთვის მორალური საკითხია, მაგრამ არ შეიძლება ერთის მორალური მიდგომები და მსოფლმხედველობა მოვახვიოთ მეორეს და ამით ავუკრძალოთ.

იმიტომ, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ამას გაუმართლებლად თვლის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორე ნაწილსაც ავუკრძალოთ და შევუზღუდოთ ის ქმედება, რომელიც მისი თავისუფალი არჩევანია. ამ შემთხვევაში ცოტა ზედმეტად ვერევით ქალის ორგანიზმის წარმართვის პროცესში. მიმაჩნია, რომ ამ კანონის ასეთი ფორმით მიღება დაუშვებელია", – ასე მიმართა საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, საკანონმდებლო წინადადების ავტორს, ზვიად ტომარაძეს.

Comments
Loading...