- Advertisement -

დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი ქალაქს უბრუნდება

604

"ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები! კერძოდ, პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა 1 საკადასტრო კოდის ქვეშ! რაც მთავარია – მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი!",-ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი ქალაქს უბრუნდება.

"დღეის მდგომარეობით, ვაკის პარკის ფართობი 18 ჰა-ს შეადგენს და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეერთების შემდეგ, პარკის საზღვრები 34 ჰა-მდე გაიზრდება! ეს ნიშნავს იმას, რომ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი დაცული რეკრეაციული ზონა, რომელსაც მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ამავდროულად, მინდა, მოგაწოდოთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი ქალაქს უბრუნდება! საუბარია 10 000 მ² მიწის ნაკვეთზე, რომელთან დაკავშირებითაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა რთული მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან. ტყე-პარკის ტერიტორია ჯამში, დაახლოებით, 21 ჰა-ს შეადგენს და 90-იან წლებშია გასხვისებული, წინა ხელისუფლების დროს კი, პარკის ნაწილს სარეკრეაციო ზონის სტატუსიც მოეხსნა და ტერიტორიის კომერციული ფუნქციით – სამშენებლოდ განვითარება გახდა შესაძლებელი. დღეის მდგომარეობით, ტყე-პარკს 47 მესაკუთრე ჰყავს.

ამით, ფაქტობრივად, მე შევასრულე ჩემი კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება და დავიწყე დიღმის ტყე-პარკის გამოსყიდვის პროცესი, რათა ეს სივრცე დაუბრუნდეს ქალაქს, დაუბრუნდეს თბილისს და თბილისელებს! გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე უახლოეს პერიოდში საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება!

აქვე გეტყვით, რომ დასრულების ფაზაშია ტყე-პარკის 16 400 მ2 მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხიც.
ასევე მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდა დიღმის ტყე პარკისა, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის

მერიამ წლების განმავლობაში უკანონოდ გასხვისებული არაერთი ტერიტორია დაუბრუნა ქალაქს საზოგადოებრივი სივრცის სახით, ჯამში – 9 489 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, მათ შორის : სკვერი ყაზბეგის გამზირზე, ტერიტორია შავი ზღვისა და აწყურის ქუჩების გადაკვეთაზე (განხორციელდა ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი და მოეწყო სკვერი), და სხვ.

ჩვენი მიზანია, ქალაქს ჰქონდეს მეტი რეკრეაციული სივრცე, მეტი გამწვანებული ტერიტორია, სკვერი და პარკი და ამისთვის, როგორც ხედავთ, ძალას არ ვიშურებთ!"-განაცხადა დავით ნარმანიამ. 

Comments
Loading...