- Advertisement -

დღეს ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე დოკუმენტს ხელი მოეწერება

711

 

ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე დოკუმენტს ხელი დღეს, 1 მარტს მოეწერება. 

ხელმოწერის ცერემონია თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება. რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. შესაბამისი რეჟიმის ამოქმედებამდე კი დამატებით 20 დღეა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმი ძალაში სავარაუდოდ 28 მარტიდან შევა. 

არსებული ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. 

მანამდე, ბრიუსელში „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი მიკრობლოგ "ტვიტერში" წერდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 29 მარტს ამოქმედდება, უკრაინის მოქალაქეებისთვის კი 12 ივნისს. 

„დადგენილია, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ძალაში 29 მარტს შევა, ხოლო უკრაინისთვის 12 ივნისს“,-წერდა ჟურნალისტი.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ  ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია; 

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.

Comments
Loading...