ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს სწრაფი, ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება აჰფგან მუხთარლის გაუჩინარებისა და საქართველოს საზღვრიდან უკანონოდ გადაყვანის საკითხზე.
ევროპარლამენტარები მუხთარლის გატაცების ფაქტს ადამიანთა უფლებების უხეშ დარღევვას აფასებენ და აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ მუხთარლის იძულებითი გაუჩინარების საქმეში ქართული მხარის შესაძლო მონაწილეობის საკითხი.
ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეები.
ევროპარლამენტი ასევე მომხდარი ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად ძალისხმევა არ დაიშუროს. ევროდეპუტატები აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაიცვას ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება და აფგან მუხთარლის ყველა ბრალდება მოუხსნას.
ერთი დღით ადრე, ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა რეზოლუცია – „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ , რომლის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სწრაფი, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება საქართველოში მუხთარლის გაუჩინარებისა და აზერბაიჯანში მისი უკანონოდ გადაყვანის შესახებ.