ევროპული საქარველო" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. თუმცა, პარტიაში განმარტავენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში პროპორციულ სისტემაზე და მანდატების სამართლიანად გადანაწილების მოდელზე დაუყოვნებლივ გადასვლა მთავარ საკითხად რჩება და ამას კოსმეტიკური და უმნიშვნელო ცვლილებებით ვერ ჩაანაცვლებენ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩიხიდან პროცესის გამოყვანის მექანიზმების შეთავაზება მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა.
2016 წლის ბოლოს საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებისა და განხილვის პროცესი ქართული ოცნების ინიციატივით დაიწყო. ევროპული საქართველო თავიდანვე აქტიურად მონაწილეობდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ასე გაგრძელდა პარლამენტში განხილვის დროსაც. ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა შემუშავდეს გამჭვირვალედ და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, ხოლო გადაწყვეტილება ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის გზით უნდა მივიღოთ. ქართულმა ოცნებამ ყველა ეს პრინციპი დაარღვია – შედეგად მივიღეთ დოკუმენტი, რომელსაც მხარს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა უჭერს. პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფლებამოსილებები, მიწის საკუთრების საკითხი, ოჯახის დეფენიცია, სასამართლო ხელისუფლება – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ხელისუფლებამ არც პოლიტიკური პარტიების და არც სამოქალაქო საზოგადოების აზრი არ გაითვალისწინა.
საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დღეს ჩიხშია და ამაში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ მმართველი გუნდია. ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი დღეს მხოლოდ ერთია – პრეზიდენტის არჩევის წესსა და პარლამენტის დაკომპლექტების წესსზე ჩატარდეს პლებისციტი.ევროპულმა საქართველომ ამ ინიციატივის მხარდასაჭერად 150 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურად შეცვლის საჭიროება ის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელზეც საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს. თავად „ქართული ოცნებაც“ არაერთხელ დაპირდა საზოგადოებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაც სწორედ ეს დაასახელეს.
მეტიც, ვარიანტი, რომელიც საზოგადოებას განსახილველად შესთავაზეს და რომელზეც თავისი აზრი გამოთქვა ვენეციის კომისიამაც, ეფუძნებოდა პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას. ყველა მხარემ ამ სისტემაში მანდატების გადანაწილების არასამართლიანი ე.წ. „ბონუს“ სისტემა გააკრიტიკა. ბოლო მომენტში კი, მოულოდნელად, ხელისუფლებამ შეცვალა თავის პოზიცია.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სრულმა სპექტრმა, არასამთავრობო სექტორმა და საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ შეაფასა უარყოფითად ქართული ოცნების შემოთავაზებული ახალი წინადადება. „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას დიალოგისთვის საარჩევნო სისტემის საკითხზე. პარტიისთვის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციულ სისტემაზე და მანდატების სამართლიანად გადანაწილების მოდელზე დაუყოვნებლივ გადასვლა მთავარ საკითხად რჩება. ამას კოსმეტიკური და უმნიშვნელო ცვლილებებით ვერ ჩაანაცვლებენ.
"ევროპული საქართველოს" პოზიციაა, რომ ჩიხიდან პროცესის გამოყვანის მექანიზმების შეთავაზება მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა. ჩვენ მათგან ველით კონკრეტულ წინადადებებს იმაზე, თუ რა ფორმატში უნდა გაიმართოს დიალოგი",-აღნიშნულია განცხადებაში.