- Advertisement -

ეკა სხილაძე: სამართალდამცველებს უჭირთ ოჯახში ძალადობის განმეორებითი შემთხვევების პრევენცია

583

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ნიუ იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესიას დაესწრო.

სხდომას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია, რომელშიც წარმოდგენილნი იყვნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

17 მარტს, სესიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები“, რომელიც გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებში, მათ შორის, განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და საინფორმაციო კამპანიებს. ამავდროულად ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ადრეული/ბავშვთა ქორწინებების მიმართულებით. კერძოდ, აღნიშნა, რომ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ აქტუალურია საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, რაც ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენას აბრკოლებს. ამასთან, განსაკუთრებით პრობლემურია ფემიციდის პრობლემა. ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს უჭირთ ოჯახში ძალადობის სპეციფიკის – განგრძობადი ხასიათის აღქმა და განმეორებითი შემთხვევების პრევენცია.

პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება, განსაკუთრებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა. ასევე, ისაუბრა ქალთა მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ლბტ ჯგუფის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებებსა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სტატისტიკის წარმოებისა და ანალიზის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს დელეგაციის და გაეროსთან მუდმივი წარმომადგენლობის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დაინტერესებული პირები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Comments
Loading...