- Advertisement -

ელოშვილი: “ინტერ რაო”-ს და “ყაზტრანსგაზი”-ს მოთხოვნები აღემატება იმას, რაც რეალურად გონივრულია

468

"ინტერ რაო"-სა და "ყაზტრანსგაზი"-ს მოთხოვნები აღემატება იმას, რაც რეალურად გონივრული და სამართლიანია", – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"არბიტრაჟი პარტნიორებს შორის ურთიერთობის ძალიან ცივილური ფორმაა. ჩვენ გვაქვს უთანხმოებები, როგორც "ინტერ რაოსთან", ასევე "ყაზტრანსგაზთან" იმ კუთხით, რომ მათი მოთხოვნები, ჩვენი აზრით, აღემატება იმას, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალურად გონივრული და სამართლიანია. შესაბამისად ვაპირებთ, თავის დაცვას საერთაშორისო არბიტრაჟებში ისევე, როგორც ეს არის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა.

დავიქირავებთ იურიდიულ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ ამის გამოცდილება. მათ პირველ რიგში იუსტიციის სამინსიტრო დაეხმარება, რომელსაც ამგვარი დავების წარმოების უდიდესი გამოცდილება გააჩნია.

ენერგეტიკის სამინისტროსა და ასევე მთავრობის რესურსიც გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სამართლიან გადაწყვეტილებამდე მივიდეთ არბიტრაჟში.

მაქვს მოლოდინი, რომ "ყაზტრანსგაზთან" შევძლებთ მოლაპარაკების მიღწევას და ეს პროცესი, ალბათ, არ გართულდება. ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ "ინტერ რაოსთანაც" შევძლებთ, საბოლოო ჯამში მოლაპარაკებას, მაგრამ თუკი "ინტერ რაოსთან" საარბიტრაჟო დავა გაგრძელდა, გვაქვს საკმაოდ ძლიერი პოზიციები. ჩვენ მათ ნაწილ მოთხოვნებში ვეთანხმებით, ნაწილში – არა. იმ ნაწილში, რომელშიც არ ვეთანხმებით, ძალიან ძლიერი პოზიციები გვაქვს. ხოლო იმაში, რაშიც ვეთანხმებით, მზად ვართ დღესვე მოველაპარაკოთ მათ", – განაცხადა ელოშვილმა.

Comments
Loading...