- Advertisement -

ემიგრანტი ეთნიკური ქართველებისთვის შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდეს

340

ემიგრანტი ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც ატარებენ ქართულ გვარს და თავს თვლიან ქართველებად, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდეს.
აღნიშნულს „მოქალაქეობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ემზარ კვიციანია, ავტორი „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე.

კანონპროექტის თანახმად, კანონში გაჩნდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ ან საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ: დადგენლ ფარგლებში იციან საქართველოს სახელმწიფო ენა; დადგენლ ფარგლებში იციან საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

როგორც კანონპროექტის ავტორი განმარტავს, ცვლილების მიღების მიზანია, საქართველოში არსებული რთული დემოგრაფიული ვითარება.

„გაეროს მონაცემებით 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 170 000 კაცით შემცირდება და ეს შემცირება ძირითადად ეთნიკურად ქართველების ხარჯზე მოხდება. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 კაცი შეადგინა. სიტუაციის გამოსასწორებლად, შობადობის გაზრდასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, იმ მრავალი ჩვენი თანამემამულის სამშობლოსთან დაკავშირება და მათი დაბრუნება, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნებში და დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს როგორც კაცობრიობის ერთ–ერთ ნაწილს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა საქართველოში ქართველები, არ ვიქცეთ უმცირესობად.

ბოლო 25 წლის მანძილზე სხვადასხვა მიზეზთა გამო 2 მილიონამდე ჩვენმა თანამემამულემ დატოვა სამშობლო, მათმა უმრავლესობამ მიიღეს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა. ამას გარდა, საინგილოში, ფერეიდანსა და თურქეთის ტერიტორიაზე მრავლად ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველები. ყველა ქართველს აქვს უფლება გახდეს საქართველოს მოქალაქე. მათი სამშობლოში დაბრუნება, დღევანდელი დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

Comments
Loading...