- Advertisement -

ეროვნული სატყეო სააგენტო: ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია

477

ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

"მთელი ღამის განმავლობაში ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ამ დროისთვის ადგილზე 6 ვეტმფრენი მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 120-მდე მეტყევე, 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს ეხმარებიან. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ბელორუსიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც.

„ჩვენ ამ სტიქიას ერთობლივად უცილებლად დავამარცხებთ. შტაბი აგრძელებს 24 საათის განმავლობაში მუშაობას, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ცეცხლი ბოლომდე ჩავაქროთ. სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება შტაბი გააგრძელებს დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობას. ჩვენ ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას. უნდა შევიმუშაოთ ტყის აღდგენის პროგრამა, რომლის შემუშავებაში ჩავრთავთ ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებას, დარგის სპეციალისტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს. უნდა შეიქნას ფონდიც, სადაც მოზიდული იქნება ყველა საჭირო რესურსი, აუცილებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად. უკვე გამოითქვა არაერთი კერძო ინიციატივა ტყის საფარის აღდგენის მიმართულებით, რაც მისასალმებელია. როგორც ერთად ვამარცხებთ სტიქიას, ასევე ერთად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდგომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო დაუყონებლივ დაიწყებს ტერიტორიის შესწავლას, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება განსახორციელებელი ღონისძიებები", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაცია.

Comments
Loading...