- Advertisement -

ვინ იბრძოლებს ზუგდიდის მერობისთვის – 4 კანდიდატის ვინაობა ცნობილია

470

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებენ – "ქართული ოცნებიდან" ლაშა გოგია, "ევროპული საქართველოდან" ლელა ქებურია, "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან კონჯარია, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატად ზვიად სიჭინავა.

მმართველი გუნდის კანდიდატი ლაშა გოგია ზუგდიდის გამგებლად 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს. მანამდე ის სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე . 2013-2014 წლებში იყო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2005 წელს ლაშა გოგია სამეგრელო-ზემო სვანეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ზუგდიდის განყოფილების ოპერატიულ თანამშრომლად მუშაობდა.

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლევან კონჯარია 2000-2002 წლებში საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, ხოლო 2005-2006 წლებში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამართველოს ხელმძღვანელი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა 2010-2014 წლებში. 2014-დან კი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეა.

"ევროპული საქართველოს" კანდიდატი ლელა ქებურია საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი 2016 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საკანონმდებლო ორგანოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტით შევიდა, თუმცა მან მოგვიანებით ენმ-ის ლიდერთა ნაწილთან ერთად პარტია დატოვა და „ევროპული საქართველოს" წევრი გახდა.

დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა 1991-1994 წლებში კომპანია „დიდ მიზანში“ , დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 1995-2005 წლებში მოსკოვის, ტერეზა დუროვას სახელობის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი იყო, 2005-06 წლებში კი – კომპანია „რუსული რესტავრაციის“ ფინანსური დირექტორი, ხოლო 2006 წლიდან საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ბაიას“ პრეზიდენტი.

Comments
Loading...