- Advertisement -

ვიქტორ დოლიძე: უვიზო რეჟიმიდან 7 თვეში, ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ 7% გამოაბრუნეს უკან

346

"თამამად შემიძლია გითხრათ, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან დღემდე, განსაკუთრებული სანდოობა შევინარჩუნეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ საქართველო იმსახურებს უვიზო მიმოსვლას" – ამის შესახებ "აიპრესთან" ინტერვიუში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

უვიზო რეჟიმის ამოქმედება ქვეყნისთვის იყო ძალიან დიდი წარმატება და სიკეთე, მაგრამ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ გარკვეული რისკ-ფაქტორები მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. საკმაოდ ნეგატიური პროგნოზები ჰქონდა ოპოზიციას. შევაჯამოთ სტატისტიკა, რა მდგომარეობა გვაქვს ამ ეტაპზე, რა პრობლემები მოჰყვა უვიზო რეჟიმს და რა გვაქვს გმოსასწორებელი?

ჩვენ სწორედ იმიტომ დავიწყეთ ფართომასშტაბიანი კამპანია ვიზის ლიბერალიზაციის, რომ გვინდოდა რისკები შეგვემცირებინა მაქსიმალურად და ამავე დროს მოქალაქეების ინფორმირება აგვემაღლებინა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რათა მოქალაქეებს სცოდნოდათ რეალურად როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რა უნდა ეკეთებინათ იმისთვის, რომ ემოგზაურათ ევროპაში და შენგენის ზონაში უვიზოდ, ასევე რა არ უნდა ეკეთებინათ რათა საფრთხე არ შეექმნათ თავიანთი თავისთვის და სხვებისთვისაც.

ამ კამპანიამ, მინდა გითხრათ, რომ გაამართლა, ნებისმიერი კვლევა გვიჩვენებს ჩვენ, რომ 90%-ზე მეტი ჩვენი მოსახლეობის ფლობს ინფორმაციას ამის შესახებ, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი. თუმცა დარღვევები, როგორც მოსალოდნელი იყო, ახლაც არსებობს. შეიძლება უმნიშვნელო არ იყო მაინცდამაინც, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა.

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებული სანდოობა შევინარჩუნეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ საქართველო იმსახურებს უვიზო მიმოსვლას, რომ მას ჰყავს პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, რომელიც ამ პრევენციაზე მუშაობს თავის პარტნიორ ქვეყნებთან და რა თქმა უნდა, ამავე დროს, ამ ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით გაწეულმა საქმიანობამ თავისი შედეგი გამოიღო.

მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო სექტორს, ჩვენს საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომელმაც უდიდესი საქმიანობა გაწია ამ თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა ტრენინგები სხვადასხვა სეგმენტებთან, სხვადასხვა თემატურ ჯგუფებთან. ამან გამოიღო სერიოზული შედეგი და ეს ძალიან კარგია.

შედეგი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, როგორაა სტატისტიკაში ასახული? ვიზალიბერალიზაციიდან 7 თვის შემდეგ რა მაჩვენებელი გვაქვს? რამდენი ადამიანი გამოაბრუნეს უკან?

ალბათ ეს 7%-ს არ აღემატება, ამ ხნის განმავლობაში გამობრუნებული ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობა. ჩვენი მესაზღვრეები მათ ადგილზევე აფრთხილებენ, თუ გარკვეული დოკუმენტაცია არ აქვთ, თავი შეიკავონ, მაგრამ ჩვენ ვერავის შევუზღუდავთ თავისუფალ გადაადგილებას, ეს არაკონსტიტუციურია და ამას არ ვაპირებთ.

ამას დაემატა ამ პერიოდის განმავლობაში ევროპასთან გააქტიურებული თანამშრომლობა და ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის შედეგად უკვე შსს თანამშრომლობის ახალ ეტაპზეა გადასული მათთან და ამავე დროს ხორციელდებოდა ორმხრივი ვიზიტები ყველგან თუკი სადმე რაიმე პრობლემა იქმნებოდა.

ანუ რიცხვებში გამოხატული მონაცემებით რომ ვიმსჯელოთ დაახლოებით 7%-ზეა საუბარი ამ ხნის განმავლობაში. განსაკუთრებით დიდი სიმკაცრით, რომელი ქვეყანა ეკიდება ამ საკითხს? ყველა ქვეყანას თავისი დამოკიდებულებები აქვს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. მაგალითად, ისრაელთან მუდმივად პრობლემებია. ბოლოს, სპორტსმენები დააკავეს, ამ საკითხებზე თუ მუშაობთ?

მე განსაკუთრებით ვერცერთ ქვეყანას ვერ გამოვყოფდი, აქ განსაკუთრებით ორი ტიპის პრობლემა წარმოჩინდება ხოლმე. პირველი კატეგორიაა რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია მოგზაურობის თაობაზე და მათ აბრუნებენ უკან, ან გადააცილა და დაარღვია ვადები და უბრალოდ უნდა წამოვიდეს უკან.

მეორე კატეგორია საკმაოდ რთული კატეგორიაა, მათ თავშესაფრის მაძიებელთა კატეგორია ჰქვია, რომლებმაც უნდა გაიგონ, რომ აღარ უნდა მოითხოვონ ევროპის ქვეყნებში თავშესაფარი. ჩვენი ქვეყანა არავის არ აძლევს იმის საშუალებას, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს, გამომდინარე იქიდან რომ პოლიტიკური დევნილები ჩვენ აღარ გვყავს, მადლობა ღმერთს. საქართველო შეყვანილია უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში, ჩვენ ვთხოვთ სხვა ქვეყნებსაც რომლებსაც ჯერ არ შეუყვანიათ ჩვენი ქვეყანა ამ უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში, შეიყვანონ რაც შეიძლება დროულად, იმიტომ რომ იმ დღიდან, როდესაც ქვეყანა შესულია უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში, მის მოქალაქეს არ აქვს უფლება მოითხოვოს თავშესაფარი ამ ქვეყანაში.

მაგალითად ისლანდია ავიღოთ, აქ ჩვენი ქვეყნიდან პროცენტული მაჩვენებელი გაზრდილი იყო ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მიმართვებისა, მე მომიწია ამ პატარა ხანძრის ჩაქრობა. იმ პერიოდში იქ ჩვენ შევხვდით იუსტიციის მინისტრს ადგილობრივს, მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელს, გავუწოდეთ თანამშრომლობის ხელი და ვუთხარით, რომ უსაფრთხო ქვეყნებში შეეყვანათ, შეიყვანეს თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში, შეჩერდა ეს ნაკადი. მოთხოვნილი მიმართვები რაც იყო, გამოიტანეს უკან. ძალიან დიდი რაოდენობა იყო. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა პრაქტიკულად დასრულდა. ამიტომ ჩვენ სხვებთანაც ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ბუნებრივია. მინდა გითხრათ რომ რაიმე საფრთხე არ არსებობს. 

Comments
Loading...