საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ თავიდან მედიაომბუდსმენის იდეა არ გაიზიარა. თავდაპირველად გია ვოლსკიმ იფიქრა, რომ ეს იდეა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნოდა.
„თუ კი პრეზიდენტი ამბობს, რომ მედიაომბუდსმენი უნდა შეიქმნას, მე ვამბობ, რომ ამის საჭიროება ნამდვილად არ არის. გვყავს ომბუდსმენის აპარატი, რომელიც თავისთავად ისედაც გარკვეულ საკითხებში არ მოდის შესაბამისობაში პოზიციებთან, რომელიც მთავრობას გააჩნია. სწორედ ამ ჭიდილიდან გამომდინარე, ვითარდება პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში, რომელიც რაღაც გარკვეულ ნაწილებში მოიკოჭლებს, ამ მოკოჭლებას არ უშველის დამატებითი განცხადებების გაკეთება, რომელიც პირადი თავის წარმოჩენაზეა მიმართული, და ვფიქრობ, ასეთი განცხადება არის პრეზიდენტის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მას შემდეგ რაც მედიის წარმომადგენლებმა მას შეახსენეს, რომ ეს იდეა პრემიერმინისტრს ეკუთვნის და არა პრეზიდენტს, ვოლკსიმ აღნიშნა, რომ ამ განცხადებაში მედიაომბუდსმენს არ გულისხმობდა და მან ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის ზოგად განცხადებებზე.
„პრეზიდენტის განცხადებაზე, ომბუდსმენის საკითხზე არ ვგულისხმობდი. უამრავი განცხადებებია გაკეთებული, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში, არ ემთხვევა ჩვენს მოსაზრებებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით.
თუ კი მედიის თემასთან დაკავშირებით, დროებითი, მუდმივი გუნდი შეიქმნება, რომელიც რეალურ სურათს დახატავს… თუ ამ თემის დასაბალანსებლად და მედიის რესურსის სწორად გამოყენებისათვის შეიქმნება სტრუქტურა, არ ვიცი რა ერქმევა, არ იქნება ურიგო..
თუ კი ეს საჭიროება არსებობს, ვფიქრობ არსებობს, მაგრამ როგორი სახე ექნება, როგორი სახელი ერქმევა, ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელებთ კონსულტაციებს. მთავარია იყოს ადამიანების ჯგუფი, რომელიც მართლაც რეალურად არიან განწყობილი ამ სფეროს დაცვისაკენ, ამ სფეროში ნამდვილი, პლურალისტური გარემოს შენარჩუნებისაკენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.