- Advertisement -

ზალკალიანი: ლავროვთან შეხვედრის მთავარი ფაქტორი უკანონო ბორდერიზაცია იყო

10

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში განაცხადა. სადაც “მინისტრის საათის” ფორმატი დეპუტატების წინაშე წარსდგა.

დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ ეს იყო დროული და აუცილებელი შეხვედრა.

„ნიუ იორკში, გენერალური ასამბლეის ფარგლებში შვეიცარიის ინიცირებით და ორგანიზებით მოხდა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივაცია და განმაპირობებელი ფაქტორი, თუ რატომ წავედით ჩვენ ამ შეხვედრაზე, გახლავთ ის მართლაც ძალიან მძიმე ტალღა უკანონო ბორდერიზაციის, რომელიც განხორციელდა ბოლო სამი თვის განმავლობაში.

ეს დაიწყო აგვისტოს დასაწყისში და აგვისტოდან დაწყებული, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობდა როგორც გუგუტიანთკარში, ისე ჩორჩანასა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე.
ამის შესახებ მე როგორც ნიუ იორკიდან, ისე ნიუ იორკიდან ჩამოსვლის შემდეგ ვისაუბრე. მინდა ვთქვა, როგორც მაშინ, ისე დღესაც ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა დროული და აუცილებელი იყო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ლავროვთან შეხვედრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა იყო. შეხვედრის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ საერთაშორისო პარტნიორები.

„პირველი დღიდან, როგორც კი ჩავედი ნიუ იორკში , 25-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრა მქონდა, როგორც ევროპელ პარტნიორებთან, ისე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასევე ერთი დიდი ფორმატი, რომელიც სწორედ ამ საკითხზე მსჯელობისთვის იყო გამოყენებული, ეს იყო ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცის მინისტრებთან არაფორმალური სადილი. სწორედ ეს სადილი ამ თემის გარშემო საუბრისთვის გამოვიყენე. მაშინ იქ ასევე მქონდა შეხვედრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციაში, მისი მხრიდან გაჟღერდა ასეთი ინიციატივა, რომ რატომ არ გამოვიყენოთ იმის შესაძლებლობა, რადგან იმყოფები გაეროში, სადაც ყველა ყველას ელაპარაკება, ის თემები, რასაც თქვენ აყენებთ ჩვენთან ურთიერთობის ფორმატებში, პირდაპირ იყოს ნათქვამი და გაჟღერებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს. ამაზე რა თქმა უნდა მსჯელობა მქონდა ყველა ჩვენს პარტნიორთან.
რა თქმა უნდა, მათი მხრიდან არანაირი ფორმატის ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის, და ეს იყო მთავარი, რომ ჟენევის ფორმატი უნდა იყოს შენარჩუნებული, რადგან ჩვენ სწორედ მათი თანდასწრებით ვესაუბრებით რუსეთის ფედერაციას“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმ.ა

Comments
Loading...