- Advertisement -

ზალკალიანი: ოსორაულის ოჯახს ჩვენ ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება მივაწოდეთ

333

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, სოსო ოსორაულის ოჯახს ყველა ის მტკიცებულება მიეწოდა, რომელიც სამინისტროს გააჩნია, თუმცა იმის მტკიცება არის თუ არა გარდაცვლილი ოსორაული, რთულია.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად არის კონტაქტზე ოსორაულის ოჯახის წარმომადგენლებთან. ისინი თავიდანვე იყვნენ ინფორმირებული იქ განვითარებული პროცესების შესახებ. იქ განვითარებული რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო ძალიან რთულია, რომ მყარი მტკიცებულებები იყოს წარდგენილი, თუმცა ის დოკუმენტაცია, რაც ჩვენ ხელთ გვქონდა, ბუნებრივია, ოჯახისთვისაც იყო ცნობილი. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსი გამოყენებული გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დამატებითი მტკიცებულებები კიდევ იყოს მოპოვებული და ოჯახს მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია. ძნელია იმის მტკიცება გარდაცვლილია თუ არა, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული საბუთები, რაც გვაქვს, ბუნებრივია, მივაწოდეთ ოჯახს",- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისათვის, 41 წლის სოსო ოსორაული კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების, „23 მარტის მოძრაობის“ ტყვეობაში 8 თვის წინ ჩავარდა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა. ქართველი პილოტები კონგოელ მფრინავებს მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიდნენ.

Comments
Loading...