- Advertisement -

ზაქარია ქუცნაშვილი: “მე ყველას დეპუტატი ვარ” ნიშნავს, რომ შენ არავის დეპუტატი ხარ

403

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების წინააღმდეგია.

„ზოგს საქართველოს პარლამენტი ჰგონია საკანონმდებლო ხელისუფლება. საქართველოს პარლამენტი გახლავთ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს. ანუ ერთ-ერთი ფუნქცია, რასაც უმაღლესი წარმომადგენობითი ორგანო ახორციელებს, ეს არის საკანონმდებლო საქმიანობა. რას ნიშნავს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო – ეს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს სახელმწიფო ხელისუფლების დონეზე. ამ დროს ვალდებულია, რომ კანონმდებლობაზეც იმუშაოს, ბიუჯეტზეც, მთავრობის საქმიანობაც აკონტროლოს, საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაშიც მიიღოს მონაწილეობა. ეს არის ნამდვილი დეპუტატის კონსტიტუციური მოვალეობა.

მე ვიყავი და ვრჩები მაჟორიტარული სისტემის მხარდამჭერად, ხალხმა უნდა იცოდეს ვის მოსთხოვოს პასუხი, ვის წინაშეა ანგარიშვალდებული დეპუტატი, რადგან პარტიული სიით არჩეული დეპუტატები ანგარიშვალდებული არიან ზოგადად საქართველოს ამომრჩევლის წინაშე. მაგრამ, რომელ რეგიონს წარმოადგენენ, კონკრეტულად რომელ პროფესიულ ჯგუფს იცავენ, პარტიული დეპუტატი ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემს. შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ხადას ხეობა, ხორხის ხეობა, არხოტიონი, თიანეთი, სნოს ხეობა, დარიალი, იცით ამაზე ვის მოსთხოვოთ პასუხი, პარტიულ დეპუტატს რაზე მოსთხოვთ პასუხს? ჩვენი ამომრჩეველი როგორ განსაზღვრავს პასუხისმებელ პირს? მაგ ლოგიკით, მე ყველას დეპუტატი ვარ, ეს იგივეს ნიშნავს, რომ შენ არავის დეპუტატი არ ხარ“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისი შეფასებით, მოქალაქეს არჩევნებში დამოუკიდებლად, უპარტიოდ მონაწილეობის მიღების უფლება არ უნდა ჩამოერთვას.

„პარტიები გვთავაზობენ, ჩამოართვით მოქალაქეებს არჩევნებში მაჟორიტარული სისტემით მონაწილეობს უფლება და ეს უფლება გადავცეთ მხოლოდ პარტიებს. ვსვამ კითხვას, რატომ უნდა შევუწყო ხელი მე პარტიების ხელში პოლიტიკური სისტემის მონოპოლიზირებას? ორივე იყოს, მოქალაქეც და პარტიაც, ორივეს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მოქალაქეს, რომელიც უპარტიოა და პარტიულ მოქალაქეებს, რომლებიც ამა თუ იმ პარტიასთან თავის მიმხრობას ახდენენ. გამოდის, რომ ვაიძულებთ ჩვენს მოქალაქეებს, ჭკვიანური თუ გიჟური პარტიის მომხრეებად ვაქციოთ, იმის გამო, რომ საარჩევნო სისტემა უკეტავს გზას დამოუკდიებელ მოქალაქეებს, არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს იგივეა, მოქალაქეებს ბიზნესის კეთების უფლება და მხოლოდ ფირმებს გადავცეთ ეს უფლება, ინდმეწარმეობა გავაუქმოთ. რატომ უნდა გავაუქმოთ? რატომ უნდა წავართვათ ჩვენ მოქალაქეებს თავისუფლება, მე თავისუფლებისთვის ვიბრძვი… იქნებ არ მომწონს არც ერთი პარტია. ალეკო ელისაშვილი რომ კენჭს იყრის , რომ არ არსებობდეს ეს მაჟორიტარული სისტემა, ალეკო ელისაშვილი იყრიდა კენჭს?“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

"აიპრესი" ზაქარია ქუცნაშვილთან სრულ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

Comments
Loading...