- Advertisement -

ზესტაფონის ქუჩაზე მოსახლეობის ევაკუაცია და გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

686

ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქ. №19ა-ში კორპუსის სვეტი გაიბზარა. როგორც მერიიდან იუწყებიან, მიმდინარეობს შენობის გამაგრებითი სამუშაოები. მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.

მერიის ინფორმაციით, კორპუსში 95 ოჯახი ცხოვრობს – ვისაც დასარჩენი არსად აქვს, ნაძალადევის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს მათ დაბინავებას. გამგეობა აანაზღაურებს ბინისა და სასტუმროს ხარჯებს. შემთხვევის ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, იმყოფებოდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

"შენობის ნაწილის დაზიანების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება. სპეციალისტების მიერ ავარიული ფრაგმენტის დათვალიერების შემდეგ, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია, იმისათვის, რომ აქტიურად გაგრძელდეს გამაგრებითი სამუშაოები. შენობის ავარიულობის შესახებ აქამდე საუბარი არ ყოფილა. დღევანდელი შემთხვევის გამო, კორპსუსის მთლიანად შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც გაგრძელდება საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები," – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ზესტაფონის ქ. №19ა-ში გამაგრებით სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს.

Comments
Loading...