ზოგიერთი მწარმოებელის პური დღეიდან 10 თეთრით გაძვირდა

71

დღეიდან საქართველოში ზოგიერთი მწარმოებლის პური გაძვირდა. “აიპრესი” რამდენიმე მსხვილ მწარმოებელს დაუკავშირდა, სადაც მათ ამის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს.

მათ შორის არიან “იფქლი დიღომი” და “იფქლი”. მათი ყველა სახეობის პური 10 თეთრით გაძვიდა.

როგორც “იფქლში” განგვიცხადეს, ფასის ზრდა გამოწვეულია მსოფლიო ბაზარზე ხორბილის ფასიდან გამომდინარე.

“აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი, შესაბამისად პურისთვის საჭირო ფქვილის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც. დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, როდესაც აგვისტოს თვეში ეს ნიშნული 33-დან 35 ლარამდე იყო.

რამდენიმე თვის განმავლობაში „იფქლი“ ფქვილის არსებული მარაგებისა და კომპანიის რესურსის ხარჯზე, პურეულზე უცვლელ ფასს ინარჩუნებდა. ხორბალსა და ფქვილზე ფასის ზრდის ბოლოდროინდელმა ტენდენციამ კი კომპანია იძულებული გახადა ბაზარზე პურის საფასო პოლიტიკისათვის გადაეხედა.

პურის ფასწარმოქმნაში ყველაზე დიდ როლს ფქვილი და წარმოებისათვის საჭირო ნედლეული ასრულებს. გაძვირებულია ის იმპორტული საშუალებებიც, რაც აუცილებელია პურპროდუქტების წარმოებისათვის, მაგ.: შესაფუთი მასალები, რომელთა ღირებულებაც ბოლო სამ წელიწადში გაორმაგდა, დაზგა-დანადგარები და მათი სათადარიგო ნაწილები, ასევე საწვავი და სადისტრიბუციო მანქანები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბოლო პერიოდში გაზრდილი ენერგომატარებლების ფასიც, განსაკუთრებით გაზის ტარიფი, გარკვეულ გავლენას ახდენს პურის თვითღირებულებაზე.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანია „იფქლმა“ ყველა დასახელების პურზე ფასი მხოლოდ 10 თეთრით გაზარდა. ეს ფასის ის მინიმალური კორექტირებაა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად”, – აღნიშნულია “იფქლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“აიპრესი” აგრეთვე დაუკავშირდა “ლიტვურ საცხობს”, სადაც გვითხრეს, რომ ჯერ-ჯერობით მათ პროდუქციაზე ფასი არ გაზრდილა.

Comments
Loading...