- Advertisement -

ზურაბ პატარაძემ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

531

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. სიმბოლურია ჩვენი შეკრებაც. დღევანდელ დღეს აქვს ორმაგი დატვირთვა. ერთის მხრივ ეს არის დიდი ტრაგედიის დღე, რომელიც დატრიალდა 1989 წლის 9 აპრილს, მეორეს მხრივ ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. არასოდეს უნდა დავივიწყოთ მათი სახელები“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

9 აპრილის მემორიალთან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შესრულდა ქართული საგალობლები, გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად გადაიხადეს პანაშვიდი.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

Comments
Loading...