- Advertisement -

ზურაბ პატარაძე: ქობულეთში კვლევითი ცენტრის ახალი შენობა აშენდება

626

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქობულეთში ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტისთვის გამოყოფილი ტერიტორია დაათვალიერა, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს გაესაუბრა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ინსტიტუტში, რომლის ძირითადი მიზანი მცენარეთა დაავადებების გამოვლენა, მათი დიაგნოსტიკა, მავნეობის ხარისხის დადგენა, დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებაა, ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება. მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ასევე სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

,,დღეს ვიმყოფებით ქობულეთში, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კვლევითი ცენტრის ახალი შენობა აშენდება. პროექტი აპრილის თვეში იქნება მზად და ფაქტობრივად რამდენიმე თვეში დაიწყება ნაგებობის აშენება. წლის ბოლოს ჩევნ გვექნება თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. დაახლოებით ერთი მილიონი ლარია გათვალისწინებული ამ პროექტისთვის, სადაც იმუშავებენ პროფესიონალი და კვალიფიციური დარგის სპეციალისტები. ასევე აგრარული მიმართულებით სტუდენტებს საშუალება მიეცემათ აქ ჩაატარონ კვლევები, ჩატარდება კონფერენციები, სემინარები. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის. ჩემს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან არაერთხელ მქონდა შეხვედრები უნივერსიტეტში და პროფესორ-მასწავლებლების თხოვნა იყო ამ ცენტრის მოწესრიგება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და უახლოეს პერიოდში დაიწყება ცენტრის მშენებლობა" – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე დაახლოებით 1000 კვ.მ. ფართის სპეციალური შენობა აშენდება. მიწის ნაკვეთი აჭარის ა.რ. მთავრობამ უნივერსიტეტს 2014 წელს გადასცა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოების ტენდერისთვის ბაზრის მოკვლევა. მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 1 მლ. ლარია გათვალისწინებული, მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება. ასევე აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობამ უნივერსიტეტს, შემდგომი განვითარებისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ბათუმში, ლეონიძის ქ.№15 მდებარე 65982 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მეტაქსას ქ.10-10 ა-ში მდებარე 1040 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა უსასყიდლოდ, არსებობის ვადით გადასცა.

კვლევითი ცენტრი, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმაც დაათვალიერეს

Comments
Loading...