- Advertisement -

თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად საფრანგეთთან კონტრაქტი გააფორმა

542

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად საფრანგეთთან კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენ უწყების ფარგლებში გადავდგით, მათ შორის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის კუთხით, მიმართულია ჩვენ გაძლიერებისკენ, მიმართულია არა მხოლოდ საჰაერო სივრცის დაცულობისკენ, არამედ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების, ეროვნული ინტერესების დაცულობისკენ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გლობალური დაცულობისა გახლავთ საჰაერო თავდაცვის სისტემის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ჯარისკაცი იქნება ხმელეთზე დაცული, ვერც თუ გინდ ფლოტის შექმნის ამბიცია გვქონდეს, ფლოტი იქნება დაცული. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კარგი კონტრაქტი ფრანგებთან. მომავალ კვირას შესაძლებლობა მექნება ჩემს კოლეგასთან პარიზში ამ თემაზე მეტი დეტალები გავიარო“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

მისი თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება სხვადასხვა ეტაპებს გულისხმობს, როგორც სამხედრო მოსამსახურეების გადამზადებას, ისე უშუალოდ ამ ტექნიკის შეძენას.

„გარკვეული ფინანსური ტრანშეები უკვე განხორციელდა, და ჩვენ 2017-2018 წლიდან შევდივართ ინტენსიურ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ამ დაფინანსებას, ამ აღჭურვილობის შეძენის თვალსაზრისით, უფრო გავზრდით. შევიძენთ ისეთ ანტი საჰაერო სისტემას, რომლითაც უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის გლობალურ დაცულობას“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

Comments
Loading...