- Advertisement -

თალაკვაძე: ვფიქრობ, ოპოზიციასთან შედგება თანხმობა ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე

361

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

"ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით გავუძღვე ამ შეხვედრას. პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ, აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას მედიას და საზოგადოებას. ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ საზოგადოების ნაწილს და ვმონაწილეობთ ქვეყნის განვითარების პროცესში, ამიტომ, მჯერა ახლო მომავალში არაერთხელ გამოვიყენებთ ამ ფორმატს მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის და შეთანხმებისთვის.

დღეს შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. წინ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ სტრასბურგშიც, ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შეხვედრაზე. კონსტიტუციის პროექტი და პრინციპები რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს ცნობილია – ეს არის კლასიკური საპარლამენტო მმართველობა ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით და ზეპარტიული პრეზიდენტით. მე ვფიქრობ, ჩვენს შორის შედგება თანხმობა უმთავრესზე – ახალი კონსტიტუცია ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას და საზოგადოების ყველა წევრისთვის მშვიდობიან თანაცხოვრებას უნდა უზრუნველყოფდეს. მინდა გთხოვოთ, თითოეულმა პარტიამ დააფიქსიროთ ის საკითხები, რისი ასახვაც ახალ კონსტიტუციაში გსურთ, ასევე ის საკითხები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც მხარს დაუჭერდით ახალ კონსტიტუციას", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Comments
Loading...