ლონდონში Tata DIPLOMAT magazine-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ცერემონიაზე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი ევრაზიის რეგიონიდან 2017 წლის საუკეთესო დიპლომატად აღიარეს,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ელჩს ჯილდო ქ. ლონდონში Jumeirah Carlton Tower-ში გამართულ ღონისძიებაზე გადასცეს, რომელსაც 250 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ქ. ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, წამყვანი დიპლომატები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
აღნიშნული დაჯილდოების ცერემონია უკვე მე-9 წელია იმართება და აღიარებს ლონდონის დიპლომატიური წარმომადგენლობების გამორჩეულ საქმიანობასა და წარმატებებს, რაც მათი ქვეყნების კეთილდღეობას ემსახურება. ჟურნალმა DIPLOMAT გამარჯვებულები გამოავლინა 10 კატეგორიაში. კანდიდატები დასახელებულ იქნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ.