პარლამენტში, კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც სუს-ის მოსმენა მიმდინარეობდა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გივი თარგამაძემ, დერეფანში სუს-ის უფროსის მოადგილეს ალექსანდრე ტაბატაძეს მისი მანქანის აფეთქების ფაქტი შეახსენა და დაინტერესდა, რატომ იძიებს ამ საქმეს შსს და არა სუსი.
გივი თარგამაძე: დაზიანდა 11 ავტომობილი და დაზარალდა 7 ადამიანი, რომელთაგან დღესაც ერთი უმძიმეს მდგომარეობაშია. მე იმ მომენტში ვიყავი მოქმედი დეპუტატი. საქმეზე იკვეთება პირები, რომლებიც წარსულში გეგმავდნენ და ახორციელებდნენ ტერორისტულ აქტებს, სამხედრო ამბოხს, პოლიციელების და პროკურორის მკვლელობას, ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობას, რატომ არ ეძლევა ამ საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია. არ მითხრათ, რომ ეს პროკურატურის პრეროგატივაა. თქვენი აზრი მაინტერესებს, რატომ არ არის მოწადინებული სუსი , მან გამოიძიოს ეს საქმე და არა შსს-მ?
ალექსანდრე ტაბატაძე: თქვენს საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19/109 მუხლით, რომელიც გულისხმობს მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც თქვენ თქვით. ამჟამად თქვენს საქმეს იძიებს შსს, ბრალდებულის სახით პასუხისგებაშია მიცემული კონკრეტული პირი, რომელზედაც გამართა სასამართლო და იგი ამჟამად იძებნება.
გივი თარგამაძე: თქვენი აზრით, ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას იმსახურებს ეს საქმე?
ალექსანდრე ტაბატაძე: კვალიფიკაციას მე როგორ მივცემ, კვალიფიკაცია მიცემულია, გამოძიება დაწყებულია, ბრალდებულის სახით კონკრეტული პიროვნება მიცემულია პასუხისგებაში.
გივი თარგამაძე: უსაფრთხოების სამსახური არ უნდა იყოს დაინტერესებული , როცა ასეთი პირები მონაწილეობენ?
ალექსანდრე ტაბატაძე: რამდენადაც არ უნდა დავინტერესდე, კონკრეტულ მოცემულობასთან გვაქვს საქმე, აქ ხომ არ არის კერძო ინტერესი? რა თქმა უნდა იყო ძალიან მძიმე შემთხვევა, ძალიან ცუდი, მაგრამ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ავტორი: თაკო პაატაშვილი