- Advertisement -

თბილისის გენგეგმის კონცეფციის მიხედვით, მტკვრის ნაპირები სარეკრეაციო სივრცედ უნდა იქცეს

589

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალები წარუდგინა. კონცეფციის თანახმად, მტკვრის სანაპირო ძირითად სარეკრეაციო ზონად უნდა ჩამოყალიბდეს. კონცეფციით გათვალისწინებულია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოთავისუფლება ავტოტრანსპორტისგან, ახალი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეების შექმნის მიზნით:

"ჩვენი ხედვით, მტკვრის ნაპირების ძირითად საქალაქო სარეკრეაციო სისტემად ჩამოყალიბებას, ალტერნატივა არ გააჩნია. თბილისის უბნების უმრავლესობისათვის, მტკვრის სანაპიროები ყველაზე ახლო, ადვილად მისაწვდომ სივრცეებს წარმოადგენს. მტკვრისპირა მწვანე სისტემის ჩამოყალიბება ქალაქის ცენტრის სარეკრეაციო სივრცეებით გამდიდრების ერთადერთი პრაქტიკული გადაწყვეტაა. მტკვარი თბილისის ქვაბულის ფსკერზე მიედინება და შესაბამისად, მის გასწვრივ რელიეფი ყველაზე რბილია. ეს ფაქტორი, მდინარის მიერ ჰაერის გაგრილების და განიავების უნართან ერთად, მტკვრის სანაპიროებს, საფეხმავლო თუ საველოსიპედო გადაადგილებისთვის ყველაზე ხელსაყრელ დერეფნად აქცევს. 

მტკვრის პირასაა შენარჩუნებული ქალაქის ნაშენ ნაწილში შემორჩენილი ბუნებრივი ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი მასივები, რომელთაც მნიშვნელოვანი საქალაქო სარეკრეაციო პოტენაციალი გააჩნიათ. ჩვენი ხედვით, მტკვრის სანაპიროს გასწვრივ, უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საფეხმავლო ქსელი, საველოსიპედო-საფეხმავლო ხიდებითა და უწყვეტი ბილიკებით, ქალაქის მთელ სიგრძეზე. მდინარეზე განთავსებულმა საფეხმავლო კავშირებმა, მტკვრის ერთმანეთისგან იზოლირებული, მარჯვენა და მარცხენა სანაპირო, ერთიან სარეკრეაციო სივრცედ უნდა აქციოს. ისტორიული ნაწილში, ქალაქის მტკვრისპირა სივრცეებით: ორთაჭალა, რიყე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საქანელას ქუჩა, მუშტაიდის ბაღისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიები, ყალიბდება ერთიან სარეკრეაციო სისტემად საფეხმავლო კავშირებითა და ღია სივრცეებით.

დედაენის პარკში, რიყესა და 300 არაგველის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ჯებირებისაგან გათავისუფლების შედეგად, შესაძლებელი გახდება უშუალოდ მტკვრის ნაპირთან დასვენება, რაც კიდევ უფრო ორგანულად შეაკავშირებს მდინარესა და ქალაქის ისტორიულ ნაწილს.

კონცეფციით გათვალისწინებულია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოთავისუფლება ავტოტრანსპორტისგან, ახალი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეების შექმნის მიზნით. ქალაქის ჩრდილოეთით, დიღმის ჭალების ვრცელი ტერიტორიები იქცევა მსხვილ საქალაქო ლანდშაფტურ პარკად, არაფორმალური ღია სივრცეებითა და დაცული ბუნებრივი გარემოს ელემენტებით.

მდინარისპირა ლანდშაფტური პარკების ფუნქციას იძენს დირსიჭალისა და ორთაჭალის მდინარისპირა გაუნაშენიანებელი სივრცეები. მთლიანობაში, გეგმარებითი მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემის ფართობი, დაახლოებით ორჯერ აღემატება არსებული საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკების და სკვერების ჯამურ ფართს."

Comments
Loading...