თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი იხსნება. პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები – დათვები და მგლები არიან. ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა. თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვოლიერის ფართობი 1 ჰა-ზე მეტია. ახალ ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია 4 მგელი და 3 დათვი.
ახალი ტერიტორია (48 ჰა) საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენების შესაძლებლობას იძლევა – დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება; არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის; დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.
„მნიშვნელოვანია, რომ ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები დათვები და მგლები იქნებიან. დათვი ერთ-ერთი პრობლემური სახეობაა საქართველოში – დატყვევებულ დათვებს კერძო პირებთან, ან სხვადასხვა დაწესებულებაში, აუტანელ პირობებში უწევთ არსებობა. ახალ ვოლიერში დაახლოებით 10 მათგანს შევიფარებთ და დავიხსნით გაუსაძლისი ყოფისგან. გარდა ამისა, ვგეგმავთ დაობლებული ბელების ბუნებაში დაბრუნების პროგრამის განხორციელებას. სპეციალურად პატარებისთვის აგებულ ვოლიერში მოხდება ცხოველის რეინტროდუქციისთვის მომზადება მისი ბუნებაში დაბრუნების მიზნით. ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გარემოსდაცვით საქმიანობაში. დიდი მადლობა გერმანიის მთავრობას, რომ მოგვცა ჩვენი გეგმების რეალიზაციის შესაძლებლობა“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
შემდეგ ეტაპზე ახალ ზოოპარკში ირმები და ნიამორები დაიდებენ ბინას. მათი ვოლიერიც გერმანიის მთავრობის დაფინანსებით შენდება.
ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე, ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებში იქნება შესაძლებელი.
ფოტო აღებულია სოციალური ქსელიდან.