- Advertisement -

თბილისის მერია: “ნაცმოძრაობის” გავრცელებული ინფორმაცია მერიის დისკრედიტაციას ემსახურება

618

თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანხმად, დედაქალაქის მერმა სარეზერვო ფონდიდან თანხა გადაურიცხა სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არ ყოფილა. მერიაში განმარტავენ, რომ ეს ინფორმაციას თბილისის მერიის საქმიანობის დისკრედიტაციას ემსახურება. 

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს არის სრული სიცრუე და გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მერიის საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. ამასთან, განვმარტავთ, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს მიმართა მოქალაქე დეა გოლიაძემ სწავლის დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე.

წერილში ნათქვამი იყო, რომ ოჯახი იმყოფებოდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, რასაც თავადვე ადასტურებდა ფაქტებით. (იხ. დანართი 1) გარდა ამისა, განცხადებას თან ერთვოდა ცნობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, 6000 ლარის დავალიანების თაობაზე. (იხ. დანართი 2) გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტი სოციალურად დაუცველი არ იყო და მისთვის თანხის გამოყოფა სცდებოდა განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომპეტენციასა და უფლებამოსილებას, სამსახურმა გაგზავნა შუამდგომლობის წერილი თბილისის მერთან – სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თხოვნის თაობაზე. (იხ. დანართი 3)

წერილში ნათლად ჩანს, რომ თანხის გამოყოფა უნდა განხორციელებულიყო არა როგორც სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის, არამედ, როგორც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მერიის საქმიანობის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას. ამასთან, მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტრაგიკული ისტორიებით მანიპულირება პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, სცდება ყოველგვარ ზნეობრივ ნორმას.

Comments
Loading...