კომპანია თბილისის მიკროავტობუსი, მძღოლებს, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირების სისტემას არ ჩართავენ, სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული. ხოლო მძღოლები, რომელთა მიმართ პრეტენზიები არ დაფიქსირდება, დღის გეგმიურ გადასახადს არ გადაიხდიან.
"მოგახსენებთ, რომ ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ ყველა მძღოლის მიეცა კატეგორიული მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირების სისტემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანია იძულებული იქნება გამოიყენოს მკაცრი სანქციები ურჩი მძღოლების მიმართ, ასევე უმორჩილესად ვთხოვთ მომხმარებელს ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ დატოვოს შეტყობინება ცხელი ხაზის ნომერზე 32 2 200 340.
„თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს რომ ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია და ასევე მძღოლები სარგებლობენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს მთლიანად ფარავს.
გარდა ამისა, მძღოლების ის ნაწილი რომელთა მიმართებაშიც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, დამატებით იქნებიან კომპანიის მიერ წახალისებულნი და არ გადაიხდიან იმ დღის გეგმიურ გადასახადს",-აღნიშნულია კომპანიის განაცხადებაში.
კონდიცირებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამაც. მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მობილურმა ჯგუფებმა მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგის მიზნით უკვე 35 მარშრუტი შეამოწმეს.
ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ გაგრილების სისტემები ჩართულია მიკროავტობუსების 20%-ში. მერიის მონიტორინგის ჯგუფები კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები გამორთული ექნებათ.