- Advertisement -

თბილისის საბავშვო ბაღების ექთნები გადამზადების 3 დღიან კურსს გაივლიან

515

თბილისის მერიის ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული ექთნები გადამზადების კურსს გადიან – სწავლებას ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა უზრუნველყოფს. ტრენინგები დღეს დაიწყო და პირველ შეხვედრას თბილისის საბავშვო ბაგა- ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ასევე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ.

მათ ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ბაღებში დასაქმებული ექთნები აქამდე არასდროს გადამზადებულან. თემურ თორდინავას განცხადებით კი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კადრების კვალიფიკაციის ამაღლება სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ტრენინგები კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. კურსის მთავარი თემა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას დაეთმობა. სწავლება შეეხება პირველად სამედიცინო დახმარებას გულის გაჩერების, სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობის, გულის წასვლის, სისხლდენის, კრუნჩხვის, ანაფილაქსიის, ტრავმების და სხვა ხშირი სამედიცინო მდგომარეობების დროს.

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მასალას. მსმენელები შეისწავლიან იმ ღონისძიებებს, რომელსაც უნდა მიმართონ დროის იმ მონაკვეთში, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გახდება ხელმისაწვდომი. ტრენინგზე მოწოდებული მასალა ეფუძნება თანამედროვე, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ პროტოკოლებს. ტრენინგს გაუძღვება პროფესორი ირინა წირქვაძე, რომელიც კომპანია „ევექსის“ ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ხელმძღვანელობს და ამავდროულად, არის ამერიკის გულის ასოციაციის და ამერიკის ქირურგთა კოლეჯის სერთიფიცირებული ტრენერი.

Comments
Loading...