- Advertisement -

თბილისში ფოტო გამოფენა “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები” გაიხსნება

550

30 მარტს 15:30 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფენა “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“გაიხსნება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან უწყებიან, ფოტო ექსპოზიცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით მომზადდა და წარმოადგენს, საქართველოსა და ევროპის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული და სამხედრო თანამშრომლობის, ასევე, მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების ამსახველ ისტორიულ-დოკუმენტურ მასალას.

გამოფენა თბილისში გაიხსნება, მოივლის საქართველოს რეგიონებს და ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით გამოიფინება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დედაქალაქში.

"ექსპოზიციაზე წარმოდგენილი წერილობითი მემკვიდრეობა, საზოგადო მოღვაწეთა პირადი საარქივო მასალები, ქართული და ლათინური ხელნაწერი კოლექციები, ილუსტრაციები, უძველესი რარიტეტების ფრაგმენტები და პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ევროპასთან ურთიერთობის, დასავლური ფასეულობებისაკენ სწრაფვის უტყუარი დასტურია.

ექსპოზიცია წარმოაჩენს, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის, მისი ისტორიული, გეოგრაფიული და კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ქვეყნის უახლესი მნიშვნელოვანი მიღწევა – ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ევროპასთან შემდგომ დაახლოებასა და საზოგადოებებს შორის კავშირების განმტკიცებაში",-განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 
 

Comments
Loading...