- Advertisement -

თეა წულუკიანი: არავის მორჩილი არ ვარ, არამცთუ უცხო ქვეყნის, არამედ ქვეყნის შიგნითაც

34

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა.
უწყების ხელმძღვანელმა მისი ადვოკატები სიცრუეში დაადანაშაულა და ჟურნალისტებს ის წერილი გადმოგვცა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს გამოუგზავნა.
“ბატონი სუმბაევის ექსტრადირება ამ წუთებში მიმდინარეობს ლარსის გამშვებ პუნქტზე, ის რამდენიმე წუთში გადაეცემა რუსულ მხარეს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც 30 სექტემბერს  გამოვეცი, მანამდე, მაისის თვეში, საქართველოს სასამართლოებმა მისი ექსტრადირება ცნეს დასაშვებად.
დასანანია, რომ როგორც ახლა ირკვევა, სუმბაევის ადვოკატები თქვენც, მედიასაც გატყუებდნენ და ატყუებდნენ მთლიანად საზოგადოებას, რადგანაც მე ხელთ მაქვს სტრასბურუგის სასამართლოს წერილი და საბოლოო პასუხი, რომ სტრასბურგის სასამართლო უარს ამბობს ექსტრადიციის შეჩერებაზე და მე ამ წერილს თქვენ დაგიტოვებთ.
ეს წერილი თარიღდება 6 სექტემბრით და მას შემდეგ, რაც ეს წერილი დაცვის მხარეს ჩაბარდა, ის გამოგზავნილია ბატონი სოსო ბარათაშვილის სახელზე და წერია მასში, რომ მიმართვას გაეცნენ, ექსტრადიციის მასალებს გაეცნენ და სტრასბურგის სასამართლო არ თვლის,, რომ სუმბაევი შესაძლოა დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას, გაგიკვირდებათ, მაგრამ ალბათ, 30 სექტემბრის ბრძანებაში სწორედ იგივე წერია, იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში, რომ ეს ვარაუდები დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, ძალიან დასანანია,, რომ ექსტრადიციაში მყოფ პატიმარს, შეიძლება მისთვისაც კი არ არის ეს წერილი ცნობილი, რაკი ადვოკატებმა გადაწყვიტეს, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რატომ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მათ პატიმარსაც კი არ აუხსნეს, რომ სტრასბურგში რეალურად მისი საჩივარი ექსტრადიციის შეჩერების შესახებ მარცხით დასრულდა.
6 სექტემბრის წერილი თქვენთვის მგონი უცნობია და მინდა მოვუწოდო ყველა ადვოკატს, ვინც საესქტრადიციო პატიმრობაში მყოფ უცხოელს იცავს, რომ თავი შეიკავონ უსაფუძვლო აურზაურისაგან ხოლმე და ყველამ დაე იცოდეს, რომ რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, მათ შორის რუსეთის, საქართველო დამნაშავეების თავშესაფარი არ არის.
საქართველო შეიძლება იყოს თავშესაფარი მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ეს ვერ იქნება ოაზისი იმისთვის, რომ თავი დააღწიონ საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას, შესაბამისად როგორც ქართულ სასამართლოებში, ისევე სტრასბურგის სასამართლოში სუმბაევის საქმე დაცვის მხარის საზიანოდ არის დასრულებული.
იუსტიციის მინისტრის ბრძანება გამოცემულია ევროპული სტანდარტების დაცვით და ამ წუთებში, იმიტომ, რომ არავითარი ბარიერი, არც სამართლებრივი და არც სხვა არ არსებობს, რომ ეს პირი დარჩეს ჩვენს ქვეყანაში  მისი გადაცემა მიმდინარეობს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კითხვაზე, თქვენ ყოველთვის აცხადებდით, რომ სანამ საქართველოს იუსტიციის მინისტრი იქნებოდით არასდროს დააკმაყოფილებდით საქართველოდან რუსეთში ექსტრადირების მოთხოვნას…
თეა წულუკიანი: მე ვთქვი ასეთი რამ, რომ ჯერ კიდევ, როდესაც სტრასბრუrგის სასამართლოში ვმუშაობდი, მართლაც მეამაყება რადგან, მაშინ რა არის ჩეჩენი, ქისტი, რას ნიშნავს ჩეჩნეთში ომი, ძველ დროს ვიხსენებ, ევროპაში არცთუ ისე ცნობილი იყო და ჩვენ მაშინ, ბატონი მინდია უგრეხელიძე იყო მოსამართლე, ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ცნობიერება ევროპელებს შორის ამაღლებულიყო და რეალურად, ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, ჩვენი ოპონენტები ახლა რომ უადგილოდ იყენებენ ამ საქმეს – შამაევი და სხვები და საქართველოს წინააღდეგ, მაშინ სტრასბურგის სასამართლომ ექსტრადიცია აბსოლუტურად საფუძვლიანად შეაჩერა იმიტომ, რომ ჩეჩნეთში ომის კონტექსტი იყო და იმ გადასაცემ პირებს შორის იყვნენ ჩვენი მოქალაქე ქისტები.
სწორედ ამას ვამბობდი, რომ როდესაც საქმე ეხება ან ჩვენს მოქალაქეს ან ორმაგ მოქალაქეს, რომელიც არის ჩვენი მამულიშვილი, კი არ არის ეს სამართლებრივი ტერმინი თითქოს, მაგრამ რაკი ჩემ პოზიციას მეკითხებით, ჩემ ენაზე აგიხსნით, რომ ჩვენ ჩვენს სამშობლოს შვილს, რომელიც ჩვენთვის არის საქართველო, იქნება ეს ქისტი თუ სხვა არ გადავცემთ მეთქი, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სუმბაევი ამ კატეგორიაში არ ჯდება, არც ახიადოვი ჯდებოდა ამ კატეგერიაში, ის არც საქართველოშია დაბადებული, ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, არც საბუთით და არც ისე, არ არის ჩვენი ქვეყნის შვილი და რაც ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მას ბრალად ედებოდა სირიაში  ISIS-ის სასარგებლოდ ტერორისტული საქმიანობა.
თუ თქვენი მოწოდება ჩემდამი ის არის, რომ საქართველო უნდა გახდეს ასეთი პირების თავშესაფარი, ვიტოვებ უფლებას, რომ ამაში არ დაგეთანხმოთ. აი, ეს არის ის პოზიცია, რაც ყოველთვის გვქონდა, მათ შორის ჩვენც და გვექნება მომავალშიც.
ჩვენი ფუნქცია, როგორც ყველა სახელმწიფოს ფუნქცია, არის ის, რომ თქვენ და თქვენი შვილები იყოთ ტერორიზმისგან დაცული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, პოლიცია და იუსტიცის სამინისტრო ამისთვის ყველაფერს აკეთებს. შესაბამისად, ვიცავთ იმ ბალანსს, რაც ერთის მხრივ არის საერთაშორისო დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლა და მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებები.
ეს წერილი, რომელსაც ადვოკატი მალავდა და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ამ წერილზე, იმიტომ რომ სკანდალურია, თითქოს არ არის მოიკითხავთ პასუხს , რატომ იტყუებოდნენ თვენახევრის მანძილზე ადვოკატები. მართავდნენ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას, თქვენც კი გათქმევინეს ათი წუთის წინ, რომ სტრასბრურგში მიმდინარეობს პროცესი და არ გითხრეს, რომ პროცესი დასრულებულია.
კითხვაზე, ოპოზიცია ამ საკითხზე ამბობს, რომ საქართველო რუსეთის მორჩილი და დავალებების შემსრულებელი ხდება. როგორ აფასებთ ამ მოსაზრებას?
თეა წულუკიანი: “ექსტრადირება არ არის პოლიტიკური აქტი. მე ამას ვუპასუხებ, მე არავის მორჩილი არ ვარ, არამცთუ უცხო ქვეყნის რომელიმე მოქალაქის და რომელიმე სახელმწიფოსი, ქვეყნის შიგნითაც მაქვს საკმაოდ ჯანსაღი ამბიცია, რომ არავის მორჩილი არ ვარ.
შესაბამისად, ეს ექსტრადიცია შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ეს არის ექსტრადიციის შესახებ ბრძანება, რომლისაც თქვენ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეს არ შეგრცხვებათ, იმიტომ, რომ ეს არის ევროპული სტანდარტით შედგენილი იუსტიციის მინისტრის ბრძანება და აქ კი ვარ მე მორჩილი ისეთი სტანდარტების, რომ არ გამოვცე ისეთი აქტი, რომლისაც თქვენ ან წელს ან ხუთ წელიწადში ან 20 წელიწადში შეგრცხვებათ, მაგრამ რაკი ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, თითქოს ისეა აწყობილი, რომ თქვენ უცხოელების უფრო გჯერათ, ვიდრე ქართველების, აქ არის წერილი, რომლისაც თქვენ მემგონი უფრო გჯერათ, სტრასბურგის სასამართლოს წერილი, ამ წერილს ჩახედეთ ყველამ”.
The post თეა წულუკიანი: არავის მორჩილი არ ვარ, არამცთუ უცხო ქვეყნის, არამედ ქვეყნის შიგნითაც appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...