- Advertisement -

თეა წულუკიანი: კარგია, თუ ჩემი განცხადების შემდეგ დეპუტატმა შალელაშვილმა მუშაობა დაიწყო

312

კარგია, თუ ჩემმა განცხადებამ დეპუტატი შალელაშვილი სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრ შოთა შალელაშვილის კრიტიკას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ამ საკითხზე წულუკიანის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

წულუკიანის თქმით, მას დეპუტატ შალელაშვილზე ბევრი არაფერი სმენია.

„დეპუტატ შალელაშვილის შესახებ ბევრი არაფერი მსმენია, მას არ ვიცნობ. მსმენია მხოლოდ ის, რასაც მედია ავრცელებდა, რომ რეალურად ეს არის პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის.

კარგია თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავირჩიოთ. ყველა დეპუტატს მართლაც მისგან განსხვავებით, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, ვუსურვებ ნაყოფიერ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი ომბუდსმენი იყოს პასუხისმგებლიანი და მართლაც ამ პატივსაცემ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ვეღარავინ აკადროს ზედაპირულობა, ტყუილი და მიკერძოება.

რაც შეეხება ბატონ უჩას საქმიანობას, მე მისი შეფასება გუშინდელი ჩემი 17-წლიანი პროფესიული დაკვირვების შედეგის საჯაროდ განცხადებით არ დამისრულებია, ამ საქმიანობას კიდევ შევაფასებ, მანამ ის არის ომბუდსმენი და მერეც, როცა აღარ იქნება ომბუდსმენი და თუ მისი სურვილი იქნება, როდესაც ის შეწყვეტს ომბუდსმენობას, მზად ვარ, მასთან გავმართო საჯარო პოლიტიკური დებატი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, უმრავლესობის დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა სახალხო დამცველის შესახებ თეა წულუკიანის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არავის გაუკეთებია.დეპუტატი თეა წულუკიანის იმ განაცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო სახალხო დამცველი უწოდა. 

Comments
Loading...